მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასამთავრობო ორგანიზაციები პარტიებისთვის დაფინასების შეწყვეტის კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ

არასამთავრობო სექტორის განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს, განცხადებას ავრცელებენ. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც არსობრივად მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებას მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმაში გამოიხატა;

ცხადია, რომ საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიან და მრავალმხრივ კრიზისულ სიტუაციაში, რომელზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ერთდროულად ჯანდაცვის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის სფეროებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მძიმე კრიზისი დრამატულად აისახება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და როგორც მოკლევადიან, ასევე - გრძელვადიან პერსპექტივაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

აღნიშნული ვითარების ფონზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსავლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან (შეზღუდვასთან).

მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით - იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას 12 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. ესენია: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო“ (TI Georgia), „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ (IDSD), „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC), „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საფარი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI).

👉 ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიებს, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან 1 წლით შეუჩერდებათ.