მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა მრავალწლიან კეთილმეზობლობასა და მეგობრობის ისტორიას ემყარება“ - ალიევი ღარიბაშვილს

საქართველოს მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის პრეზიდენტთან

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლა.

როგორც ღარიბაშვილთან შეხვედრისას ალიევმა აღნიშნა, ის მოხარულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტუმრობით.

ალიევი იმედოვნებს, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში წარმატებული იქნება.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და გააძლიერებს ჩვენს ძმურ ურთიერთობებს. ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა ემყარება მრავალწლიან, კეთილმეზობლობისა და მეგობრობის ისტორიას, რომელიც საუკუნეებია გრძელდება.

ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი საფუძველია ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც აჩვენებს დიდ დინამიკას და ფაქტობრივად, მოიცავს ბევრ სფეროს. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ გვესტუმრეთ“, - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში.

„ჩვენ გვაქვს კარგი ისტორია ერთობლივი პროექტების, როგორიცაა ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. ამ პროექტებმა შეცვალა რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული რუკა. ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი პარტნიორობის გარეშე, ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

მე ახლახან გადავხედე გარკვეულ ინფორმაციას და დავინახე, რომ აზერბაიჯანი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში. ეს ასევე კარგი მაჩვენებელია თქვენი მთავრობის რეფორმებისკენ, რომ შეიქმნას ძალიან პოზიტიური და ხელსაყრელი კლიმატი ინვესტიციებისთვის“, - განაცხადა ალიევმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია.