მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაცული ტერიტორიების განვითარების ამერიკული გამოცდილების გაზიარების ტრენინგები წარმატებით დასრულდა

ამერიკული გამოცდილების გაზიარების ტრენინგები

ტრენინგის „დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მმართველობის და მართვის საორიენტაციო საფუძვლები“ 30 მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) პარტნიორობით, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელმა პაატა შანშიაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს  თანამშრომლები გადაამზადეს. 

უწყების ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, იური ნოზაძემ და ხატია წილოსანმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვებლერმა და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელმა, პაატა შანშიაშვილმა გადასცეს. 

ღონისძიება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კავკასიაში პირველ დაცულ ტერიტორიაზე გაიმართა. 

„ამერიკის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე კერძო სექტორთან დაცული ტერიტორიების გაძლიერებისა და  ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. საგრანტო პროექტი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა და თანამშრომლებისთვის საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვას და ეკოტურიზმის განვითარებას“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის პიტერ ვებლერის თქმით, პარტნიორობის მიზანია, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით საქართველოს დახმარება.

„ჩვენი პარტნიორობის მიზანია, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით, დავეხმაროთ საქართველოს ეროვნულ პარკებს განვითარებაში. ეროვნული პარკები ეროვნული საგანძურია და პოტენციური წყაროა სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლებისთვის”, - განაცხადა ვებლერმა.