მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით დოკუმენტი მიიღო

ევროკავშირის დროშა

მიმდინარე წლის 11 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ (Foreign Affairs Council- FAC) დასკვნითი დოკუმენტი მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით. დოკუმენტი შეფასებას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც ევროკავშირის სტრატეგიულ პოლიტიკას აღმოსავლელ მეზობლებთან მიმართებაში და სახავს მათთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.

აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტი ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

"დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მთავარ პრინციპებზე. დიფერენციაციასა და ინკლუზიურობაზე და აღნიშნულია, რომ გაგრძელდება თითოეულ ქვეყანაზე მორგებული ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობა, რომლის მასშტაბსა და ხარისხს ევროკავშირი და პარტნიორები განსაზღვრავენ საერთო პრიორიტეტების მიხედვით. აღნიშნული დასკვნითი დოკუმენტი მოიცავს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის საქართველოსა და სხვა ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის აღიარებას და ევროკავშირის მხირდან პარტნიორობის წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას. დასკვნებში ასევე აღნიშნულია ევროკავშირის როლი რეგიონის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების გადაჭრის პროცესში.

საქართველოსთან თანამშრომლობის კონტექსტში, მოცემულ დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული ის ფაქტი, რომ საბჭო მიესალმება პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების კუთხით. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირის მზაობა, რომ ხელი შეუწყოს ასოცირებული ქვეყნების შემდგომ დაახლოებას ევროკავშირის შიდა ბაზართან და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას.

დოკუმენტში საუბარია ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებისა და სამოქალაქო კრიზისის მართვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. ევროკავშირი მადლიერებას გამოხატავს პარტნიორების ქვეყნების CSDP მისიებში მონაწილეობისთვის და უსაფრთხოების ფორმატებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მზადყოფნას გამოთქვამს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს დასკვნითი დოკუმენტი საფუძვლად დაედება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტის დეკლარაციას.