მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: მშვიდობა ნებისმიერი განვითარების აუცილებელი პირობაა

პრემიერი ბრიფინგზე

„მშვიდობიანი ქმედებები, გონივრული პოლიტიკა ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, აგვისტოში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. რუსეთის ჯარი საქართველოში მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელის დავალებით შემოიჭრა, მათ შორის ვლადიმერ პუტინის დავალებით. ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად დღეს ჩვენ სრულად ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიების 20%, ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ.

როდესაც ტერიტორიების 20%-ის ოკუპირების თემაზე ვსაუბრობთ, ხომ არ გგონიათ, რომ მხოლოდ მიწაზეა საუბარი? ადამიანებზეა საუბარი. დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ ამ ომის შემდგომ 30 000 საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი, ეს არის ომის შედეგი.

ახლა რაც შეეხება მომავალს, მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, გონივრული პოლიტიკა -ნარის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება, მშვიდობა ნებისმიერი განვითარების აუცილებელი პირობაა“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა.