მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის, რომ სახელმწიფოს ეპატიებინა მელიასთვის

ქართული ოცნების წევრი

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

როგორც ხელაშვილმა აღნიშნა, მელია კანონზე მაღლა არ დგას და კანონის დარღვევით იგი ვერ გამოვა.

მისი თქმით, ნება რომ გამოგვეცა, ამნისტია დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას და სწორედ ჩვენი დათმობა იყო ის, რომ სახელმწიფოს ეპატიებინა მელიასთვის ეს გირაო.

„ამას ყოველთვის ვამბობდით და ამ პოზიციისგან უკან არასდროს დაგვიხევია. პოლიტიკური ნება რომ გამოგვეცა ამნისტია დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას და სწორედ ჩვენი დათმობა იყო ის, რომ სახელმწიფოს ეპატიებინა მელიასთვის ეს გირაო, ეპატიებინა ეს დანაშაული და გამოსულიყო ციხიდან შედარებით იმიჯის შეულახავად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამ პირობებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი იმაზე, რომ გვერდზე გადავდოთ კანონი, უკანონოდ ვიმოქმედოთ და ამის შემდეგ მელიამ დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი პროცედურების გვერდის გავლით, კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ისინი საბოტაჟის გზას ადგანან. გაამართლებს თუ არა ეს საბოტაჟი, ამას უკვე პასუხი გაეცა იმით, რომ პარტიების ნაწილი, რომელიც აქამდე მისდევდა საბოტაჟის გზას, ფაქტობრივად აღმოჩნდნენ პარლამენტში. ადრე თუ გვიან ნაციონალურ მოძრაობას ორი გზა რჩება - ან გაიმეოროს და მიჰყვეს დანარჩენი პარტიების მაგალითს ან კიდევ განაგრძოს მარგინალიზაციის გზა,“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ინფორმაციისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელია 23 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ის სასჯელს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

20 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს გადახდაზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

ამავე თემაზე:

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ მელია