მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ტყემალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საკრებულოს თავმჯდომარე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, მის მოადგილეებთან გიორგი ახვლედიანთან და ირაკლი ზარქუასთან, აგრეთვე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბექა დავითულიანთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარემ გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ქვეყანა ოკუპაციას არასდროს შეეგუება.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ეს იყო უმძიმესი დღეები ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. შეიარაღებულ კონფლიქტს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა, რომლებიც ქვეყნის მთლიანობისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ ტერიტორიების დაბრუნებას მშვიდობიანი გზით შევძლებთ,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა.