მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს

თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ჩამოაყალიბეს.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩვნებისთვის გაერთიანდნენ. მათ ახალი პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.

„პლატფორმა შედგება სამი სუბიექტისგან – „ახალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო პროგრამას 30 ივლისს წარადგენენ.

„ჩვენ წარვადგენთ ახალი თაობის პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შემოუერთდებიან. არჩევანი მარტივია, აღმშენებლობა, თუ დამსხვრეული ოცნებების პარტია, ეს არის არჩევანი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მან ახალი პლატფორმის ლოგო და სლოგანი განმარტა.

„ლოგო, წარწერით „სტრატეგია აღმაშენებელი“ – თეთრი ფერი ეს არის სისუფთავის, სიწმინდის, პატიოსნების სიმბოლო, წითელი ფერი – ეს არის ბრძოლის, გამარჯვების სიმბოლო, ქართული ეროვნული ფერი, რომლითაც უნდა ვიყოთ ამაყი და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ. ჯვრები - ეს არის ისტორიულად საქართველოს სიმბოლო და ქრისტიანული საზოგადოების სიმბოლო. სტრატეგია ის არის, რაც სჭირდება ქვეყნას განვითარებისთვის, აღმშენებლობა ეს არის იდეა, რომელიც დაამარცხებს დამსხვრეული ოცნებების პარტიას, რომელმაც სამწუხაროდ მომავალი წაგვართვა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.