მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულმა ოცნებამ" დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ“-ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს, "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმის თაობაზე.

ელისაშვილი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ მხარეთა შორის შეთანხმება არის გასაფორმებელი, იგი იმედს გამოთქვამს, რომ კენჭისყრაზეც იმავე შედეგს მიიღებენ.

"პირველ მარტამდე გაუმჯობესებული მემორანდუმი უნდა ვაქციოთ კანონად."- აღნიშნავს ელისაშვილი.

მისი თქმით, ზემოხსენებული შეთანხმების შედეგად არჩევნები აღარ გაყალბდება.

„არჩევნები აღარ გაყალბდება ხოლმე იმიტომ, რომ იქნება თითის ანაბეჭდი, ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანა, live stream კამერები, შტრიხკოდიანი ბიულეტინები, სხვაგვარად დაკომპლექტებული ცესკო და ა.შ."- განაცხადა ელისაშვილმა.

იგი მიიჩნევს, რომ ხალხს სინამდვილეში ადარდებს ის, რომ ქვეყანა უმუშევრად არის და არა ის, თუ ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა.

"ნუ დგანან ამპარტავნულ პოზაში, ნუ არიან თავისი ლოზუნგების ტყვეობაში". - ამ სიტყვებით მოუწოდებს ოპოზიციონერი პარლამენტარი დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ.

ალეკო ელისაშვილი კმაყოფილია იოსელიანთან ერთად მიღწეული შედეგებით - "ოთხი პოლიტპატიმარი გამოვაშვებინეთ."

იგი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საკითხს კვლავ მხარს უჭერს და მოუწოდებს ოპოზიციას, ერთად იმუშაონ აღნიშნულის მისაღწევად.

"ორმა კაცმა ვერ გამოვგლიჯეთ რიგგარეშე... დანარჩენი 54 ჩვენზე მაგრები თუ არიან ეს გააკეთონ ამ ქვეყნისთვის."- განაცხადა ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის:

„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.