მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოჟორიძე: მტკიცე პროტესტი თუ გაგრძელდება, 100%-ით დარმწუნებული ვარ, ხელახალი არჩევნები იქნება

ლელოს ლიდერი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის კახა კოჟორიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს გრიგოლ ვაშაძეს პირველი განცხადება საკუთარ პარტიასთან არ შეუთანხმებია. როდესაც მნიშვნელოვან საკითხზე პოლიტიკოსები პოზიციას აფიქსირებენ, ეს ჯერ საკუთარ პარტიაში უნდა ჰქონდეთ გავლილი, შემდეგ სხვა პარტიებთან.

როგორც კახა კოჟორიძე PIA.GE -სთან აცხადებს, ოპოზიციური პარტიები ამ ეტაპზე პარლამენტში კომისიის შექმნაზე არ მსჯელობენ, რომელიც არჩევნების შედეგებს განიხილავს.

„ჩვენ გვინდა ხელახალი არჩევნების დანიშვნა. გარწმუნებთ, ყველაფერი შესაძლებელია. ეს დამოკიდებულია მხოლოდ პარტიებისა და მოქალაქეების სიმტკიცეზე. ეს საკითხი არ არის ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებული, ეს არის დამოკიდებული ხალხის გადაწყვეტილებაზე.

ხალხი თუ გადაწყვეტს, რომ მას ასე უნდა და ამ გადაწყვეტილებას გულში კი არ შეინახავს, არამედ ხმამაღლა იტყვის - გამოვა ქუჩაში, გაგრძელდება პროტესტი, რომელიც იქნება ხანგრძლივი და მტკიცე, რა თქმა უნდა მშვიდობიანი, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ხელახალი არჩევნები იქნება“,- აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

შესაბამისად, კახა კოჟორიძის თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარების შეცვლა მხოლოდ ხალხზეა დამოკიდებული, ასევე ოპოზიციური პარტიების სწორ ქმედებაზე.

„თუ ჩვენ მტკიცე და შეუპოვრები ვიქნებით, გარწმუნებთ, ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ ექნება.

პროტესტი ერთი გზაა, ამასთან, ვინატრებდი, პარალელურად ეს საკითხი მოლაპარაკებებით და ხელის ჩამორთმევით თუ გადაწყდება. მაგრამ, ამ გადასახედიდან ამ რესურსს ვერ ვხედავ. არანაირი სურვილი არ მაქვს ქუჩაში ღამის თენების, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ. ჩვენ გვინდოდა პარლამენტში შევსულიყავით და ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლო რეფორმები კანონპროექტის სახით გვეწერა.

მე ამ კანონპროექტები წერა მინდოდა და არა იმ საჯარიმო ოქმების გასაჩივრება, რასაც გუშინ, შუა ღამეს ვაკეთებდი. მაგრამ რადგან სხვა გზა არ დარჩა, ქუჩის პროტესტშიც ვიღებ მონაწილეობას.

თუ ქუჩის პროტესტის პარალელურად იქნება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ჩართულობით, ან მათ გარეშე შედგება დიალოგი, მე მხოლოდ მივესალმები. მაგრამ, ირაკლი კობახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები რომ გამოდიან და ცეცხლზე ნავთს ასხამენ თავისი ცინიკური დამოკიდებულებით, რა თქმა უნდა ეს დიალოგს და ამ პროცესის ნორმალიზებას ხელს ვერ შეუწყობს, პირიქით შეუშლის“,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

📌ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას მიმართა, რომ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს, ქუჩა კი, ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებას, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ მორიგი განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ პროტესტი არ უნდა შეჩერდეს, არც პარლამენტში აპირებს შესვლას.

📌ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

📌 მასშტაბური აქცია 8 ნოემბერს გაიმართა. მორიგი აქცია კი, 14 ნოემბერს არის დაანონსებული.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔶 „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლას აპირებს? - გრიგოლ ვაშაძის განცხადება

🔶 გრიგოლ ვაშაძე საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

🔶 გრიგოლ ვაშაძის სახელით მეორე განცხადება ნიკა გვარამიამ გაავრცელა