მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ან ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე - Pia.ge

„დღეს, უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, კულტურის კომიტეტის შექმნის ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის საკითხი და პარლამენტში პროკურატურის მიერ შემოტანილი შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა, მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი:

„ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალის ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება.

სამწუხაროდ, ნიკა მელიას, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ. ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა - უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას.

შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა, მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი. აქვე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხაზგასმით აღვნიშნავთ - დღეს, ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება - არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.