მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მათ ადგილას შემრცხვებოდა“ - ალეკო ელისაშვილი ოპოზიციურ პარტიებზე

ელისაშვილი

„ძალით ვერ დამნიშნავენ ამ კომისიის თავმჯდომარედ, თუ დასტურს არ ვიტყვი.“ - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილი განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობაზე იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კომისიის საქმიანობაში ჩაერთვებიან „პატრიოტთა ალიანსის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.

ელისაშვილის თქმით, სწორედ ზემოხსენებულ პარტიებს ჰყავდათ საქართველოში არსებულ 3 800 საარჩევნო უბანზე თავიანთი წარმომადგენლები, ბიუჯეტიდან დაფინანსებული კომისიის წევრები, რომელთაც ყველა შემაჯამებელ ოქმზე ხელი აქვთ მოწერილი, მაშასადამე, ელისაშვილი მის თავმჯდომარეობაზე წაყენებულ პირობას იმით ხსნის, რომ თუ ეს ხალხი არ იქნება კომისიაში და არ წარადგენს ოქმებსა თუ მტკიცებულებებს, მათ მიერ დაწერილ საჩივრებს, შედეგად ისევ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მასალა ექნებათ.

„ჩვენ, როგორც არჩევნებამდე თვენახევრით ადრე რეგისტრირებულ პარტიას, რომლებიც არ ვიყავით კანონმდებლობის მიხედვით კვალიფიციური სუბიექტი, არ გვყავდა საარჩევნო კომისიებში წევრები და გვყავდა სულ რამდენიმე ათეული მოხალისე დამკვირვებელი.“ - აღნიშნავს ელისაშვილი.

იგი „ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვით მიმართავს, თუ რამდენი საჩივარი დაწერეს არჩევნების შემდეგ.

„ამ სამი პარტიის წარმომადგენლების ადგილზე შემრცხვებოდა. მე რომ მყავდეს ბიუჯეტიდან დაფინანსებული 3 800 საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც ხელს აწერს შემაჯამებელ ოქმს, შემდეგ რომ გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ არჩევნები გაგვიყალბეს (როგორც ისინი ამბობენ) და ამის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მომთხოვოს აღნიშნული გაყალბების 1%-ის დამტკიცება, მე კი ჭერში ყურება დავიწყო და ვერ დავუმტკიცო, როგორც ხდება იმ სამი პარტიის შემთხვევაში, უხერხულად ვიგრძნობდი მათ ადგილას თავს.“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, აღნიშნული მტკიცების საკითხი ღირსების ამბავია.

„როცა „ქართული ოცნება“ 1%-ის დამტკიცებას გთხოვს, ამხელა არმია რომ მყოლოდა დავუმტკიცებდი.“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.