მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა - მეტი ახსნა მის პათოსს და განცხადებებს არ აქვს - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

„მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა - მეტი ახსნა მის ასეთ პათოსს და განცხადებებს არ აქვს,“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე ამნისტიაც.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ამნისტიის შესახებ კანონზე ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად იმუშავებს.

„ჩვენ შეთანხმებაში რაც წერია სკრუპულოზურად მივყვებით, ისე როგორც ეს წერია. რაც ეხება ამნისტიის კანონს, ცალსახად წერია, რომ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი წევრები შემოვლენ პარლამენტში და დაიწყებენ საქმიანობას. ჩვენ კონსულტაციები გვექნება ოპოზიციონერ პარლამენტის წევრებთან ყველა საკითხზე, მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტზეც. რაც შეეხება თავად ნიკა მელიას პოზიციას, ის ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ვინმეს მიერ შეთავაზებულ გირაოს, არამედ ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ გირაოს, ეს კიდეც ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია პროდასავლურები არ არიან და მეორე - თუ ნიკა მელია გირაოზე უარს ამბობს და სავარაუდოდ, ამნისტიაზე უარს იტყვის და ასე გადაწყვეტს, მაშინ შეგვიძლია ერთი რამ ვთქვათ მხოლოდ, რომ მან გულწრფელად გადაწყვიტა, ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა. მეტი ახსნა ასეთ პათოსს და განცხადებებს არ აქვს,“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.