მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელიას საქმე [LIVE]

ნიკა მელიას საქმე

🔗პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა დაიწყო.

🔗დეპუტატები იმსჯელებენ საკითხზე, უნდა მოეხსნას თუ არა ნიკა მელიას დეპუტატი იმუნიტეტი.

🔗„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ნიკა მელიამ საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტა.

🔗ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

17.02.2021 01:46 „გავრილოვი თუ აწუხებდა, თავიდანვე არც 30 000-ს გადაიხდიდა და არც სამაჯურს გაიკეთებდა“ - მამუკა მდინარაძე ნია მელიაზე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თუ სერგეი გავრილოვის საკითხი ნამდვილად აღელვებდა, გირაოს თანხა პირველ შემთხვევაშიც არ უნდა გადაეხადა და სამაჯურის გაკეთებაზეც არ უნდა ყოფილიყო თანახმა.

„გავრილოვი თუ აწუხებდათ და რამდენად ყალბია მათი პათეთიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინ ნიკა მელია 30 000 ლარს გირაოს არ გადაიხდიდა და ხელზე იმ სამაჯურს არ შეიბამდა, არ მისცემდა არავის ამის უფლებას. თუ ეს მისი და „ნაცმოძრაობის“ მორალისთვის მიუღებელი იყო, მანამდე გააპროტესტებდა.

თავისი ფეხით არ მივიდოდა და გირაოს არ გადაიხდიდა. მაშინ, ასე ვთქვათ, ივაჟკაცებდა. ახლა როგორც ცდილობს გმირის მანტია მოისხას და მაშინვე გააპროტესტებდა, რომ გავრილოვის საქმეზე მე ამ არც 30 000-ს გადავიხდი, არც ამ სამაჯურს გავიკეთებ და ასე შემდეგ. მაგრამ, ეს ყველაფერი როდის გააკეთა იცით, გაყალბებული არჩევნები რომ წამოვიდა მესიჯი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

22:42 „არ დავანებებთ მელიას, დიდხანს მოუწევთ გამძლების ომის თამაში“ - ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მისი ლიდერების დაკავებას აღარ შეეგუება. მისი თქმით, ნიკა მელიას პარტიები ფიზიკურად დაიცავენ.

„დაჭერას არ ვუშვებ როგორც მინიმუმ ერთი რამის გამო. შარშანწინ მე და შარშან გიგი უგულავა ჩვენი ფეხით წავედით პოლიციაში და ჩავსხედით. ჩამოვედი საქართველოში და ჩავჯექი ციხეში. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება.

ახლა ასე აღარ ვაპირებთ. მარცხენა ლოყაში რომ გაგვარტყამენ სილას, მარჯვენას აღარ მივუშვერთ. კანონთან და სამართალთან საქმე აღარ გვაქვს. არ დავანებეთ მელიას. დღეს თუ უგულავა იყო იქ, ხვალ ჩემი რიგი იქნება და ა.შ. დიდხანს მოუწევთ ჩვენთან გაძლების ომის თამაში. შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობა დაგვეწევა, იქნებ ივანიშვილიც გონს მოეგოს, ყოველ შემთხვევაში, აღარ იქნება ისე, როგორც ადრე იყო“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

21:50 ანზორ მელია: ნიკას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მეამაყება

„რომ გითხრათ არ ვნერვიულობთქო, მოგატყუებთ. ყველა მშობელი ნერვიულობს, როდესაც შვილი განსაცდელის წინაშეა, მაგრამ დეპრესიაში ნამდვილად არ ვიმყოფები, იმიტომ რომ ჩემს შვილს არ ასამართლებენ არც ქურდობაზე, არც მექრთამეობაზე, არც სხვა რაღაცაზე. მას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მე მეამაყება. ნიკა არის ვაჟკაცი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემაა, ნიკა მელიას საქმის ასე აქტუალურად განხილვა, გაუგებარია.

„წარმოიდგენდით, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ან შალვა ნათელაშვილი მას მხარს დაუჭერდნენ? მაგრამ ნიკაში ოპოზიციის გამაერთიანებელს ხედავენ. მან პარტიაში ახალგაზრდები მოიზიდა, რის შემდეგაც ეს პარტია უფრო გაძლიერდებოდა და დამშვენდებოდა. ეს ვერ აიტანეს ქოცებმა და ბიძინა ივანიშვილმა. პარლამენტში ყველა მონაა“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.

21:38 ნიკა მელია: „ქართული ოცნება“ ამ ჩიხიდან დამარცხებული გამოვა

„ქართული ოცნება“ ამ ჩიხიდან გამოვა, მაგრამ დამარცხებული. მათ დაიწყეს უკვე კამპანია და ცდილობენ, რომ გავრილოვთან თანამშრომლობა ოპოზიციას დააბრალონ, როგორც გარეჯს აბრალებდნენ ოპოზიციას. ახლა მიხვდნენ, რომ ამას უკვე მოჭიდება აღარ აქვს. მორჩა, დამთავრდა, ან ერთ მხარეს ხარ, სადაც თავისუფლებაა ან მეორეს მხარეს, სადაც მონური მორჩილებაა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები მის ირგვლივ უსამართლობამ გააერთიანა.

„აქ ისეთი ხალხი ვართ შეკრებილი, რომელთა 95% ამ ოფისში ნამყოფიც კი არ არის. გადამლაშდა ყველაფერი. მოგწონს თუ არა მელია, ეს სხვა საკითხია. წაიშალა კვალი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის. ახლა დგას საკითხი, ან საქართველო, ან გავრილოვი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.



21:20 იან კელი: საქართველოს ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება.


„საქართველოს ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა“, - დაწერა იან კელიმ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

მან ასევე თავის გვერდზე გააზიარა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც პარლამენტს მოუწოდებდა მხარი არ დაეჭირა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

„პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. მთავრობამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, ამ ნაბიჯით მიიღწევა თუ არა ეს მიზანი“, - დაწერა იან კელიმ.

18:27 პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

როგორც საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს პროკურორმა განუცხადა, პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე 24 საათის ფარგლებში უნდა იმსჯელოს.

„პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე, უკვე ჩაბარებულია სასამართლოში. დაველოდებით სასამართლოს სხდომას, რომელზეც ყველასთვის ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება. 24-საათიანი ვადა აქვს სასამართლოს, შეიძლება იყოს დღეს, შეიძლება იყოს ხვალ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“, – აცხადებს პროკურორი.

პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

17:12 „ჩვენ მარშით შევხვდებით ამ დღეს“ - ელენე ხოშტარია 25 თებერვლის აქციაზე

პოლიტიკური აქტივისტი, ყოფილი დეპუტატი ელენე ხოშტარია სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს ოპოზიცია მარშით შეხვდება.

„ჩვენ გვაქვს საპროტესტო აქციების გეგმა და გავაგრძელებთ ამ სისტემის რყევას.“ - აღნიშნავს იგი.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში რუსეთისთვის სასურველი სცენარით განვითარდა პროცესები.

„გირაო არის ამ თამაშის წესების მიმართ დამორჩილება და ამ სისტემის აღიარება, ამიტომ არ შეიძლება გირაოს გადახდა.“ - აცხადებს ხოშტარია.

ის მიმდინარე პროცესებს „პრორუსულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ყოველივე აღნიშნულს დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს.

„თუ დაპატიმრების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ფიზიკურად დავიცავ ნიკას, მათ მოუწევთ გადაუარონ ადამიანებს და ისე წაიყვანონ ნიკა.“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

16:20 „მოხალისე პიონერებივით ჩამდგარი ვითომ ოპოზიცია ვნახეთ, რომელიც გირაოზე ლაპარაკობდა“ - უგულავა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხს გამოეხმაურა.

„ეგ სიბრიყვეც არის შესაძლებელი. მითუმეტეს ჩვენ ვნახეთ მოხალისე პიონერებივით ჩამდგარი ვითომ ოპოზიცია, რომელიც გირაოს შესაძლებლობებზე ლაპარაკობდა. თუ მაგდენი ვერ გაუგია ელისაშვილს, რომ ამდენ ხალხს გირაოს შეგროვების შესაძლებლობა არ გვიჭირს, ამდენს თუ ვერ ხვდება ის ბრიყვი რაზე უნდა ვილაპარაკოთ.

ნიკა მელია არის მხნედ და მგონი ზედმეტი, სიტყვიერი გამხნევება არ სჭირდება“, - აცხადებს გიგი უგულავა.

16:13 „ბრალდების მხარე დღესვე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში“ - ამირან გულუაშვილი მელიას საქმეზე

„დღესვე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში.“ - ამის შესახებ განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორის თქმით, ახლა, როდესაც ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, მოქმედი ქართული კანონმდებლობის თანახმად, შემდეგ ნაბიჯად გათვალისწინებულია ბრალდების მხარის მხრიდან სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა.

„ვინაიდან საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, სასამართლომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა ჩანიშნოს სხდომა, სადაც მოხდება მხარეთა არგუმენტების მოსმენა.“ - აღნიშნავს იგი.

პროკურორის თქმით, გირაოს გამოყენების აუცილებლობა დგას იმისათვის, რომ ბრალდებულმა უზრუნველყოს სათანადო ქცევა.

„გირაოს გამოყენების აუცილებლობა დგას იმისათვის, რომ ბრალდებულმა უზრუნველყოს, მაგალითად, სათანადო ქცევა, რაც შეიძლება გამოიხატოს, თუნდაც, დაბარების შემთხვევაში სასამართლოში გამოცხადებით.“ - განმარტავს იგი.

პროკურორის თქმით, გირაოს სამართლებრივი რეჟიმი იარსებებს მანამ, სანამ სასამართლო არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას - მისი პატიმრობის თაობაზე.

„ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში არსებობს აღსრულების მყარი მექანიზმები, იმისათვის რომ მოხდეს, მათ შორის, პატიმრობის თაობაზე მოსამართლის განჩინების შესრულება.“ - აცხადებს პროკურორი.

15:58 ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ორი კი წინააღმდეგი იყო. პლენარულ სხდომამდე, მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

14:00 ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ სთხოვს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუჩერონ

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ელისაშვილმა აღნიშნა, „ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციონერებს იმუნიტეტს არ უხსნიან“.

„ყველა კოლეგას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გთხოვთ, რომ არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის არც წარმომადგენლებს და მით უფრო არც თავმჯდომარეს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ.

იმუნიტეტის არსი, შინაარსი ფილოსოფია არის ის რომ და ამიტომაც მოიგონეს სადეპუტატო იმუნიტეტი რომ ოპოზიციურ დეპუტატებს გამოხატვის თავისუფლებისას ხელები გახსნილი ჰქონდეთ და არ ეშინოდეთ თავისი ქმედებების“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილი ნიკა მელიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზღვარს გადასცდა და სიტყვები გაექცა.

13:30 ნიკა მელიას პასუხი ალეკო ელისაშვილს

13:30 დავით სერგეენკო: კანონი უნდა იყოს დაცული, რადგანაც ვინც ატარებს სამაჯურს შეუძლებელი იქნება ამის ახსნა, თუ რატომ ვიქცევით სხვადასხვა სტანდარტით

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ პარლამენტი პოლიტიკური ინსტიტუციაა და ცხადია რომ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ხდება.

მისივე თქმით, კანონი უნდა იყოს დაცული, რადგანაც სხვა ადამიანებისათვის ვინც ასევე ატარებს სამაჯურს შეუძლებელი იქნება ამის ახსნა თუ რატო ვიქცევით სხვადასხვა სტანდარტით და ასეთი ადამიანი 400-მდეა.

„წინა გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების მოტივაცია იყო მნიშვნელოვნად განსხვავებული.

წინა გადაწყვეტილების მოტივაცია იყოს მხოლოდ დეპუტატების მომართვა და მაშინ ჩემი არგუმენტი ისევე, როგორც გუნდის სხვა წევრების იყო, რომ კარი ღია უნდა დარჩენილიყო შემდგომი მოლაპარაკებისთვის.

ახლა არგუმენტი გამოიხატება იმაში რომ, კანონი უნდა იყოს დაცული, რადგანაც სხვა ადამიანებისათვის ვინც ასევე ატარებს სამაჯურს შეუძლებელი იქნება ამის ახსნა თუ რატო ვიქცევით სხვადასხვა სტანდარტით და ასეთი ადამიანი 400-მდეა.

პარლამენტი პოლიტიკური ინსტიტუციაა და ცხადია რომ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ხდება და არა სამართლებრივი, თუმცა ამავე დროს, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შემადგენელი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცლილი და იყოს მიმართული მხოლოდ სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებაზე.“

13:10 „კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან“ - სოზარ სუბარი ნიკა მელიაზე

„ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს.“ - აცხადებს იგი.

სუბარის თქმით, მელიას საკითხთან დაკავშირებით, რადიკალურ ოპოზიციას უარგუმენტო პოზიცია აქვს და მიმდინარე პროცესებში გავრილოვისა და რუსეთის ფაქტორი დაიხმარეს.

„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გამოწვევას. მათი პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან,

საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მართლმსაჯულება ყველა ადამიანის მიმართ თანაბრად აღსრულდება.“ - აცხადებს სუბარი.

12:30 თეა წულუკიანი: ვიცი, რომ პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს!

სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი საკუთარ სოციალურ გვერდზე წერს.

მისი თქმით, მისი ერთი ხმაც პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

„სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, "ბიძიკო"“- წერს თეა წულუკიანი.

12:06 კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს

პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.

გადაწყვეტილების წინააღმდეგი მხოლოდ პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი იყო.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კენჭისყრამდე დეპუტატებმა პროკურორ ამირან გულუაშვილს მოუსმინეს და ბრალდების მხარის არგუმენტებს გაეცნენ.

საკითხი განსახილველად უკვე პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა ოფიციალურად უნდა გაფორმდეს.

12:00 გამორიცხულია! - ნიკა მელია სასამართლოში მისვლას არ აპირებს

გამორიცხულია! - ასე პასუხობს ნიკა მელია, დასმულ კითხვას, აპირებს, თუ არა ის სასამართლოში მისვლას, თუ პარლამენტი მას დეპუტატის იმუნიტეტს შეუჩერებს და ამის საჭიროება დადგება.

„სამართალთან არანაირი საერთო არ აქვს ამ საქმეს,“ - ამბობს ნიკა მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დილიდან პარტიის ოფისში იმყოფება. მან ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააპატიმრებენ.

11:50 „მზად ვარ, ხელფასი რომ ჩამერიცხება ნიკა მელიას გირაოსთვის გადავრიცხო“ - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მზად არის, რომ დეპუტატის ხელფასის ჩარიცხვის შემდეგ თანხა ნიკა მელიას გირაოსთვის გადარიცხოს.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არასწორია.

„ჩვენ რა თქმა უნდა ამას მხარს არ ვუჭერთ, რადგან არ არის სწორი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების შეჩერება. ეთერით ნიკა მელიამ მომმართა და თქვა, რომ ერთხელ უკვე გადავიხადე გირაო და ამდენი თანხა ნამდვილად არ მაქვს, რომ მეორედ გადავიხადოო. გასაგებია, რომ ორჯერ გადასახდელად 30 000 არავის აქვს ზედმეტი, მათ შორის არც მე.

ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გამო, მე მზად ვარ, აქ რომ ხელფასი ჩამერიცხება, მზად ვარ ჩემი ხელფასი გადავრიცხო, მართალია ეს 30 000 არ არის, მაგრამ მაინც“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

11:45 „ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში ვერცერთი ოპოზიციონერი პარლამენტში ვერ შევა“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის იმუნიტეტის შეჩერებისა და მისი შესაძლო დაკავების შესახებ საუბრობს.


ხუხაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელიას დააპატიმრებენ და ის გახდება პოლიტპატიმარი, ეს საერთაშორისო მეგობრებთან ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში აქამდე პატარა სარკმელი იყო დარჩენილი ოპოზიციისთვის შესვლისთვის, მელიას დაპატიმრების შემდეგ ეს რუბიკონი გადალახული იქნება და ხალხი სტერილურ პარლამენტს მიიღებს.

იხილეთ ვრცლად

11:04 სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭიროა მისი მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. კერძოდ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმა აუცილებელია, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლებელია თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, მიიმალოს, გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს - არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს; მითუმეტეს, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, საქართველოს იმის საერთაშორისო დონეზე დარტყმას მიაყენებს.

„იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში (არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით) - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს. ამ ტიპის საერთაშორისო იმიჯი კი მნიშვნელოვნად შეანელებს ქვეყნის დასავლური განვითარების პროცესს, რაც არაერთ სიკეთესთან ერთად, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დაცვას გულისხმობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გადაწყვეტილების მიღების დროს იმსჯელონ და სათანადოდ შეაფასონ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის გამოყენება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

11:01 ანრი ოხანაშვილმა განმარტა თუ რატომ არ დაუშვეს სხდომაზე მელიას ადვოკატები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ არ დაუშვეს კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატები.

ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ მათ არანაირი ოფიციალური განცხადება არ მიუღიათ.

„ოფიციალურად კომიტეტს არანაირი განცხადება, მომართვა არ მიგვიღია ვინმეს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ადვოკატები აპირებდნენ დასწრებას.

ოფიციალური მომართვა კომიტეტში არ შემოსულა. მეორე საკითხი, ჩვენ სასამართლო არ ვართ, შეუძლია კომიტეტს იმსჯელოს ამ საკითხზეც, რომ ჩვენ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოვუსმინოთ, შემდგომ შევიდეთ სიღრმეებში და საქმის მასალები მოვითხოვოთ.

ეს გამოიწვევდა სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრას, რისი კომპეტენციას და უფლებამოსილებაც კომიტეტს არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი უფლებამოსილება და სხვათაშორის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობის გარეთ იმყოფებიან ნიკა მელიას ადვოკატები.

10:50 „რაც გინდათ ის ქენით, თავში ქვა გიხლიათ“- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, დღეს პარლამენტში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და მის შესაძლო დაპატიმრებაზე ისაუბრა.

„ჩემი დაკავება შეუძლებელია. რაც გინდათ ის ქენით გეუბნებით, ერთხელ და სამუდამოდ კარგად დაიმახსოვრეთ, ვერ დამიჭერთ მეთქი.

ხელის კანკალით თითს მიაჭერთ ღილაკს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოგიწევთ ტელეფონის აღება და მურუსიძისთვის დარეკვა, 'გეხვეწები გადაგვარჩინე და გააკეთე ის, რაც საჭიროაო'. მერე თავდახრილები ივლით და ჩვენი ქვეყნისათვის ბოდიში გექნებათ მოსახდელი.

მომავალი ხომ მოვა, ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

ალეკო ელისაშვილსაც მიუჩენს თავის ადგილს, რომელიც უსინდისოდ მეუბნება, რომ გირაოს თანხა გადავიხადო. კობახიძესაც, რომელიც დამალული ჰყავთ, მას კომენტარსაც არ აკეთებინებენ და გადამალეს. ესენი მეუბნებიან მე, რომ გავრილოვი არის თურმე ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის“მოკავშირე“- განაცხადა ნიკა მელიამ.

10:39 „კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს“ - სერგეენკო ნიკა მელიაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს გამოეხმაურა.

სერგეენკო ამბობს, რომ მელიას იმუნიტეტი შეუჩერდება.

„იმუნიტეტი იქნება შეჩერებული. რამ მიგვიყვანა აქამდე? რა თქმა უნდა მიგვიყვანა რამდენიმე ფაქტმა. პირველი ის, რომ კანონი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ შემთხვევაში თუნდაც ადამიანი თვლიდეს, რომ მისდამი კონკრეტულად იყო გადაწყვეტილება მიღებული.

კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილება იქნება პირველ რიგში ბატონ ნიკა მელიასგან კანონმორჩილი და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

10:29 ნიკა მელიას ადვოკატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს

საქართველოს პარლამენტთან „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ, ნიკა მელიას საქმის განხილვასთან დაკავშირებით.

დღეს მმართველი პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას ნიკა მელიას მანდატს მოუხსნიან თუ არა.

პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია სამართალდამცავები. აქციის მონაწილეებს კი სირცხვილის კორიდორი აქვთ გაკეთებული.

ადგილზე იმყოფება ნიკა მელიას სამი ადვოკატი ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ისინი კომიტეტის სხდომაზე არ დაუშვეს.

„ჩვენ სრული უფლება გვაქვს დავესწროთ კომიტეტის სხდომას და დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვები. რა საფუძველია იმის, რომ ნიკა მელია დააპატიმრონ? ბევრი კითხვები გვაქვს ასევე გირაოსთან დაკავშირებით.

ეს არის სამართლებრივი ნონსენსი რაც ხდება, მათ უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები"- განაცხადა ადვოკატმა.

10:28 „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ბრალდების მხარე ლმობიერია, ხოლო დაცვის მხარე პირიქით“ - პროკურორი ნიკა მელიაზე

„შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როცა ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე და დაცვის მხარე ითხოვს, თუ რატომ არ მოახდინა პროკურატურამ ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ყველა ამ საკითხზე ვიმსჯელებთ კომიტეტის სხდომაზე“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სადეპუტატო იმუნიტეტი იდნულგენცია არავისთვის იქნება.

„საპარლამენტო იმუნიტეტი და თანამდებობრივი მდგომარეობა არავისთვის არ არის ინდულგენცია. კანონი ყველასთვის უზენაესია და ყველა ვალდებულია დაემორჩილოს მას“, - აღნიშნა პროკურორმა.

პროკურორის განმარტებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების ოთხივე მიზეზი არსებობს. ესენია: მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

10:27 „ნიკა მელიამ სცადა თავისი თავისგან გმირი გამოეძერწა“ - დაჩი ბერაია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან თავისი თავისგან გმირის გამოძერწვა სცადა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტს მხოლოდ მის მიერ განსაზღვრული კოპმპეტენციების შესრულება შეუძლია.

„ნიკა მელიამ თავისი თავისგან სცადა გმირი გამოეძერწა, ეს იყო მისი უსუსური მცდელობა და არ გამოუვიდა. ყველამ ვიხილეთ მისი კოლაბორაციონიზმი გავრილოვთან.

პატიმრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ჩვენს მიერ განსაზღვრული პროცედურების შესრულება. პატიმრობა არ არის კომპეტენცია, რომელიც უნდა განსაზღვროს პარლამენტმა“, - აცხადებს ბერაია.

13:54 ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ სთხოვს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუჩერონ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ყველა კოლეგას, მათ შორის მმართველ გუნდს თხოვნით მიმართავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტონ.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ელისაშვილმა აღნიშნა, „ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციონერებს იმუნიტეტს არ უხსნიან“.

„ყველა კოლეგას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გთხოვთ, რომ არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის არც წარმომადგენლებს და მით უფრო არც თავმჯდომარეს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ. იმუნიტეტის არსი, შინაარსი ფილოსოფია არის ის რომ და ამიტომაც მოიგონეს სადეპუტატო იმუნიტეტი რომ ოპოზიციურ დეპუტატებს გამოხატვის თავისუფლებისას ხელები გახსნილი ჰქონდეთ და არ ეშინოდეთ თავისი ქმედებების“, - განაცხადა ელისაშვილმა.