მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებასა და ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ელჩმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის საპარლამენტო დონეზე კავშირების გააქტიურებას და ვიზიტების განხორციელებას, როდესაც პანდემია მოგვცემს ამის შესაძლებლობას.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი წარმოადგენდა. ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

უკრაინის ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია დონბასსა და ყირიმში არსებულ ვითარებაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს აუცილებლობას, რომ საქართველო და უკრაინა ერთობლივი ძალებით და ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდეს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

ასევე აღინიშნა, რომ უნდა გააქტიურდეს საქართველო-უკრაინა-მოლდოვის სამმხრივი საპარლამენტო ასამბლეის მუშაობა. მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ეკონომიკური კავშირების გამყარებას და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პოტენციალის სრულად და მაქსიმალურად რეალიზებას.

„ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს და ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.