მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

ტვ პირველის მთავარი პროდიუსერი 2020

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც მელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ის დოკუმენტაცია, რაც ტელეკომპანია „პირველმა“ მოიპოვა, ძალიან ბევრ კითხვას სცემდა პასუხს. მელაძე ამბობს, რომ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდგომ მასსა და გამომძიებელ-ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ.

„ტვ პირველმა შაბათის ეთერში მოამზადა, ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა. ეს ეხება გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტს ვასამბეკ ბოკოვს. ის დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ძალიან დიდი შრომის შედეგად, ძალიან ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არ სუს-მა და არც პროკურატურამ.

გუშინ ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ გამომძიებელი დამიკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და გვითხრა, რომ ამ საქმის გამოძიების დროს გაჩნდა ინტერესი და კითხვები ჩვენს მიმართ. ჯერ დამირეკეს მე, როგორც გადაცემის ავტორს და წამყვანს, შემდეგ იყო ზარი გამომძიებელ-ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესთან. მოვედით ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, თუმცა სუს-შიც კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად არ გვაქვს ვალდებულება დავასახელოთ წყაროები. ლევან მახარაშვილი იქნება ადვოკატი, რომელიც ჩემს ინტერესებს წარმოადგენს ამ შემთხვევაში. დღევანდელი გამოკითხვის დროს, ველოდები რა კითხვები ექნება სუსს, ეს იქნება მხოლოდ რეპორტაჟთან დაკავშირებით თუ იმის მიღმა. ჩვენს ხელში აღმოჩნდა არამხოლოდ ის დოკუმენტები, რომელიც გადაცემის პირველი ნაწილის დროს გავასაჯაროვეთ, არამედ ჩვენს წარმოებაშია ჟურნალისტური გამოძიების მეორე და მთავარი ნაწილი, რომელსაც მაყურებელი შაბათს ნახავს, ამ გამოძიებაში არის კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ბოკოვის ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან ნახა ეს ვიდეო ჩანაწერი, რომელიც არის გაკეთებული ქავთარაძის ქუჩაზე და რომელიც მისი ძმის დაკავებას ასახავს. ეს ვიდეომასალა არის მაღალი გარჩევადობის. შესაბამისად, ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით, ეს მისი ძმა არ ყოფილა. გვარი, სახელი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ქალაქი, სოფელი, ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ ფიზიკურად ეს მისი ძმა არ არის. შესაძლოა თუ არა ვასამბეგ ბოკოვის ნაცვლად ახლა საპატიმროში იჯდეს სრულიად სხვა ადამიანი და კონსპირაციისათვის დაქირავებული პირის მიმართ სხვა სახის კონსპირაციები ყოფილიყო გამოყენებული. ამ კითხვებს ჩვენ ვეცდებით შაბათს გავცეთ პასუხი", - აღნიშნა ნოდარ მელაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა.

„მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დავალებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამია გიორგი გაბუნიას განზრახ მკვლელობის მცდელობას ჟურნალისტის მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს. გასული წლის ივნისში, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში მუშაობის დროს, გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში" გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა.