მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოლიგარქის ხელისუფლებამ საჭიროა უპირობოდ გადადგას ის ნაბიჯები, რომლისკენაც მას დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ“ - ნიკა მელია

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

„პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ და ქვეყნის მომავლისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გავხსნათ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს. 

ნიკა მელიას განცხადებით, ოლიგარქის ხელისუფლებამ უპირობოდ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რომლისკენაც მას დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ.

„გამარჯობა ყველას

მგონი, ყველაზე მეტად facebook სივრცეში ყოფნა მომენატრა. ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა საკანში პირველი 3-4 დღე გაღვიძებისთანავე მობილურ ტელეფონს ვეძებდი... მერე კი, შევეგუე, რომ ოფისში დამრჩა ერთი სიტყვით, ძალიან მომენატრეთ. ბევრს აღარ დავწერ, ისედაც გრძელი წერილი გამომივიდა.

ციხიდან ვადევნებ თვალს იმ უზარმაზარ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისგან იღებს. მათ სჯერათ ქართველების კეთილგონიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების და სჯერათ, რომ შევძლებთ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვიდეთ. ეს მხარდაჭერა ძალას და მოტივაციას მმატებს, აქ ციხეში.

პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ და ქვეყნის მომავლისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გავხსნათ. ამისთვის საჭიროა, ამ მხარდაჭერას ბოლომდე ჩავეჭიდოთ, სწორად გამოვიყენოთ ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი მეგობრები საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად იჩენენ და ეს კეთილგანწობა არ გავფლანგოთ.

ამისთვის საჭიროა, ოლიგარქის ხელისუფლებამ უპირობოდ გადადგას ის ნაბიჯები, რომლისკენაც მას ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ. ჩვენ რეალური საარჩევნო რეფორმა უნდა განვახორციელოთ და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად რეალური მექანიზმები შევიმუშავოთ.

ეს უნიკალური შანსი უნდა გამოვიყენოთ და ის რეფორმები გავატაროთ, რომლებიც სახელმწიფოს შტოებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელს გახდის, რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები ყოველთვის ექნება და დამოუკიდებელი ინსტიტუტები ვეღარ მოექცევიან ხელისუფლების პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ.

და რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“, - აცხადებს ნიკა მელია.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უფლებადამცველები საჩივრით ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ამის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, რაზედაც, მელიამ უარი განაცხადა.