მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა ზაქარეიშვილი: სლუცკის განცხადება ფარისევლობას ჰგავს და რუსეთის პოზიციას ეწინააღმდეგება

კონფლიქტების ექსპერტი

„არ მგონია, რომ სლუცკის განცხადებას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან რუსეთის პოზიცია განსხვავებულია. მე მგონია, რომ ფარისევლობას აქვს ადგილი ან კონტექსტი არ არის მთლად ზუსტი, რადგან სლუცკის განცხადება ეწინააღმდეგება რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, რომ მისთვის მიუღებელია ნატოს- გაფართოება სამხრეთ კავკასიის ნაწილში“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს დეოკუპაციაზე და ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯები.

როგორც მან აღნიშნა, რუსული კულტურის შემოტანა სახელმწიფოს ინტერესში არ და ვერ იქნება, ხოლო მოსახლეობის ეკონომიკური წინსვლისთვის რუსეთთან ურთიერთობა უნდა გამოვიყენოთ.

„რაც შეეხება კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას, მე ვფიქრობ, სახელმწიფოს საქმე არ არის კულტურულ ურთიერთობებზე ზრუნვა, მაშინ როცა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ოკუპაცია სახეზეა.

ტრაგედიას ვერ ვხედავ, როცა თუნდაც სპორტის ან კულტურის სფეროში ქართველები იქ სამუშაოდ მიდიან, თუმცა ეს სახელმწიფოს საქმე არ არის. მან არ უნდა იზრუნოს რუსული კულტურის შემოტანაზე.

ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა და გლეხების ხელშეწყობაზე უნდა ვზრუნავდეთ. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, სად ღირს ურთიერთობა და სად არა“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის,რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენას შეეხო.

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია, რუსეთი მზად არის ამ სცენარისთვის. რაც შეეხება ურთიერთობებს, აუცილებელია ორმხრივი ჰუმანიტარული და ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენა, ასევე, რუსული ენის პოზიციის გაძლიერება საქართველოში,“ - განაცხადა დუმის დეპუტატმა.