მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის აპარატი: დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვა კანონის დაცვით მოხდა

პარლამენტი განახლებული ტერიტორიით

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი პარლამენტის აპარატის განცხადებას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და საქართველოს კანონი„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“.

ასევე, გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება სცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების თანახმად, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით, ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს. ამას გარდა, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, წერილში მითითებული იყო შესაბამისი საკონტაქტო პირიც. პარლამენტის წევრების მიერ საბანკო რეკვიზიტების არ წარმოდგენის შემთხვევაში, პარლამენტის აპარატი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, განახორციელოს ხელფასის ჩარიცხვის ტრანზაქცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში საუბარია დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე.

„რაც შეეხება იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც ჩაერიცხათ ხელფასი, გაცნობებთ, რომ რადგან ისინი ფლობდნენ დეპუტატის მანდატს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც, მათი რეკვიზიტები უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში და ხელფასის ჩარიცხვა მასზე დაყრდნობით, კანონის სრული დაცვით მოხდა.

ინფორმაციისთვის, ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, სადეპუტატო ხელფასი ჩაერიცხა „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიას. ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ანაზღაურება პარლამენტს უკან დაუბრუნა.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.