მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ინიცირდება 

საკანონმდებლო ორგანო

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ინიცირდება, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაული. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. 

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან ისეთი პირები, რომლებიც მკვლელობისთვის და ოჯახში ძალადობისთვის არიან ბრალდებულები.

მისი თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც:

➖ კანონპროექტში მითითებული დანაშაულის შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებას, სასჯელისგან გათავისუფლდება პირი, თუ მოხდება ზიანის ანაზღაურება, ცალკეულ შემთხვევებში კი, დაზარალებულის თანხმობაც იქნება საჭირო.

➖ ცალკეულ შემთხვევებში წინაპირობად გათვალისწინებულია ასევე ნასამართლობის არქონა.

➖გათვალისწინებულია აგრეთვე ხანდაზმული, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა განთავისუფლება.

„წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული მიდგომების მიხედვით მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამ საკანონმდებლო პროექტის ინიცირებით, ჩვენ ვხსნით კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა მისაღები კანონის საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია შეეხება, აგრეთვე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს. ცვლილება არ შეეხება ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებულებს, აგრეთვე მათ, ვისაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

რაც შეეხებათ პატიმრებს, რომლებსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული და უკვე 15,20 და 25 წელია სასჯელს იხდიან საპატიმროში, სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიან თავისუფლების აღკვეთად გარდაექმნებათ, რომელიც 20 წლით განისაზღვრება.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ასეთი სულ სამი პატიმარია.

„მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა.

რაც შეეხება სხვა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, მათთან მიმართებაში დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასჯელის შეცვლის, შემსუბუქების საკმაოდ არამკაფიო დებულებებს შეიცავს. ამის გათვალისწინებით, ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს აგრეთვე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას. კერძოდ, მათთვის შეიქმნება თავისუფლებისათვის მომზადების სპეციალური პროგრამა, რაც კანონით დადგენილ ვადაში, მოსამართლეს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს.

ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პერსპექტივების შექმნას, ასევე ეს წარმოადგენს ევროპულ სტანდარტს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის კუთხით.

რასაკვირველია, ამ დროს მნიშვნელოვანი იქნება დაზარალებული მხარის უფლებებიც. კანონპროექტთან დაკავშირებით ოფიციალური პროცედურები დაწყებულია და უახლოეს დღეებში მას იხილავს საზოგადოება. როგორც აღინიშნა, ეს ინიციატივა წარმოადგენს საფუძველს დისკუსიებისა და კონსულტაციების დასაწყებად. დიდი იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო განხილვების პროცესში შევძლებთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოების უსაფრთხოებისა თუ სისხლის სამართლის პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი პრინციპები, რათა ამით შესაძლებელი გახდეს, რომ შევძლოთ სისხლის სამართლის ასევე ფუნდამენტური პრინციპის – ჰუმანიზმის აქტის განხორციელება ამ გზით, როგორც ეს წარმოდგენილია განსახილველი კანონპროექტით“, – აღნიშნა დეპუტატმა.