მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

განცხადებაზე ხელის მოწერა

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 8 მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება.

ფასილიტატორი ელჩები ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ.

„პარლამენტი ემზადება რა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის, რომლის შედეგად უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რჩება აზრთა სხვაობა შეთანხმების ერთობლივი განცხადების ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებულ პირობას, რაც გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად, კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა მოახლოებული არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დავაკვირდებით. ამავდროულად, საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობის და ცვლილებების სრულად მიღებისკენ. ამ ცვლილებებისა და განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისკენ; ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს მიღწევები საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ინტერესებშია", - ნათქვამია ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.