მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ჩვენი ვალია, საბოლოო მიზანს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მივაღწიოთ

საქართველოს მთავრობის მეთაური

„ჩვენი ვალია მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისათვის რომ საბოლოო მიზანს - საქართველოს დეოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მივაღწიოთ“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია, ყველაფრის მიუხედავად, პატივი მივაგოთ ყოველ დღე, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, ყოველ წუთს გვახსოვდეს გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე დაკარგა, დაკარგა ჯარისკაცები, ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა. თითოეული ჩვენგანის ვალია, გვახსოვდეს ყველა ეს ადამიანი, ვემსახუროთ, მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა.