მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას ოკუპაცია წარმოადგენს

პრემიერი პარლამენტში

„დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად.

„დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20%-ზე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20% მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა, ეს არის ყველა სფეროს, პირველ რიგში ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, ჩვენ ვართ შეზღუდული 20%-ით, ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო შეზღუდულია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბორდერიზაციით დაწყებული, ადამიანის გატაცებით, მისი სიცოცხლის ხელყოფით და ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვით“, - აღნიშნა გახარიამ.

გახარიას თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის სუვერენიტეტის გამტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა რჩება მთავარ პრიორიტეტად.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის სუვერენიტეტის გამტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. საერთაშორისო საზოგადოების პროაქტიურ რეჟიმში მობილიზება, საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის შექმნა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს უნდა იყოს ყოველდღიური შრომის საგანი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 49-50-ე რაუნდები კარგი მაგალითი იყო იმისთვის, რომ თუ როგორ ვამკვიდრებთ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელობის საკითხს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა და ეს გზა გადის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მათ პროაქტიურ ჩართულობაზე ამ პროცესებში", - დასძინა გახარიამ.