მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს

პრემიერი საკოორდინაციო საბჭოზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.

"ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლებისთვის შექმნილ სირთულეებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეების მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის. ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 526 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.