მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შეზღუდვები შენარჩუნდება საგანგებოს დასრულების შემდეგ

საქართველოს პარლამენტის შენობა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კანონპროექტი დარეგისტრირდება, რომელიც საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზრუდვების შენარჩუნებას ითვალისწინებს. ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემია არ დასრულებულა, ინფექციის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს. შესაბამისად, შეზღუდვების შენარჩუნება აუცილებელია.

კანონპროექტით, მთავრობას უფლებამოსილება ექნება, შეინარჩუნოს შეზღუდვები, მათ შორის, საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი, საკარანტინო სივრცეების მართვა, საჭიროების შემთხვევაში კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება, პრევენციული ღონისძიებებისათვის აუცილებელი ვალდებულებების შემოღება, მაგალითად პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანცირება.

"22 მაისს ვწყვეტთ საგანგებო მდგომარეობას. მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, ამისათვის აუცილებელია დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რის მიხედვითაც მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები.

ეს ცვლილებები დღეს ბიუროს წარედგინება და საკომიტეტო განხილვების შემდეგ, განხილვა მოხდება სესიაზე და ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ აღარ იქნება საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.