მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად შორს წავა ბაქო-ერევნის თანამშრომლობა, სატრანსპორტო კვანძი საქართველოს გარეშე

რამდენად შორს წავა ბაქო-ერევნის თანამშრომლობა

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ 11 იანვარს მოსკოვში ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შედეგებს აფასებს და წერს, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მომავალი თანამშრომლობის საზღვრები დაადგინეს. 

ამასთანავე, შეხვედრის შედეგები ბაქოში და ერევანში სხვადასხვაგვარად შეაფასეს. თუ ბაქოში მას „პროდუქტიულს“ უწოდებენ, ერევანში ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანი კვლავ პოზიციის დათმობაში დაადანაშაულა, რადგანაც მთავარი საკითხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხია, მაგრამ ამაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და შეხვედრაზე ეკონომიკური საკითხები განიხილებოდა, რასაც აზერბაიჯანი მოითხოვდა.

შეხვედრაზე მიღწეული იყო შეთანხმება რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის ეტაპობრივ განბლოკვაზე. საუბარია ორ უმთავრეს მიმართულებაზე - ერთია აზერბაიჯანიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დერეფნის მშენებლობა, რომელმაც სომხეთის სიუნიკის ოლქით უნდა გაიაროს, ხოლო მეორე - რკინიგზის პროექტი ერევნიდან სიუნიკის ოლქში, რომელმაც ნახიჩევანში უნდა გაიაროს. ორივე ეს მარშრუტი საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა, მაგრამ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დაწყების შემდეგ იქ გადაადგილება გაჩერდა.

რუსეთს 1992 წლის შემდეგ, ანუ აფხაზეთის ომის დაწყების მერე, სომხეთთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირი აღარ აქვს. სომხეთიდან თავის სტრატეგიულ მოკავშირესთან მატარებლით გადაადგილება შეუძლებელია, ხოლო რუსეთს თურქეთთან სარკინიგზო მიმოსვლა არ აქვს.

 

ამის შედეგად სომხეთის რკინიგზა ერევანსა და თბილისს შორის მოკლე მონაკვეთამდე შემცირდა, ხოლო ტვირთების გადაზიდვა სომხეთსა და რუსეთს შორის მხოლოდ საქართველოს სამხედრო გზით შეიძლება, რომელიც ხშირად უამინდობის გამო იკეტება.

ასევე სომხეთს ირანთან ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობაც მიეცემა, ვინაიდან აქამდე ორ ქვეყანას მხოლოდ ერთი, მაღალმთიანი გზა აკავშირებდა.

გამოდის, რომ მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტი თეორიულად სამივე ქვეყნის ინტერესებში შედის. აზერბაიჯანს ნახიჩევანში და შემდეგ თურქეთში გზა სჭირდება, რუსეთს - თურქეთსა და სომხეთში, ხოლო სომხეთს - ირანსა და რუსეთში. ამასთანავე, მოლაპარაკების შედეგად კმაყოფილება მხოლოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ეტყობოდა. ფაშინიანმა კი თავის გამოსვლაში ყურადღება შეუთანხმებელ თემებზე შეაჩერა, პირველ რიგში ეს მთიანი ყარაბაღის სტატუსს და სამხედრო ტყვეებს ეხება.

ფაშინიანის იმედგაცრუებას სომეხი პოლიტიკოსებიც იზიარებენ და მოლაპარაკების ჩავარდნაში პრემიერს ადანაშაულებენ. „პრაქტიკულად ეს არის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენმა მტერმა შემოგვთავაზა და თუ სომხურმა მხარემ ქელბაჯარის რაიონიდან ძალები შვეიცარიის საათის სიზუსტით გაიყვანა, ბაქო სომეხი სამხედრო ტყვეების საკითხს არ განიხილავს. აზერბაიჯანი მათ სამხედრო დამნაშავეებს უწოდებს და მათ ბედს მოლაპარაკების დროს გამოიყენებს“ - განაცხადა სომხეთის პარლამენტის წევრმა ედმონ მარუქიანმა.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის სტატუსს, აზერბაიჯანელ პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბაქო ერევანთან ამ საკითხის განხილვას საერთოდ არ აპირებს. „ერევანთან ბაქო მხოლოდ სახელმწიფოთაშორისო თემებს განიხილავს, რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, ის დასრულებულია და შესაბამისად, ყარაბაღში მცხოვრების სომხების ბედს აზერბაიჯანი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან განიხილავს“ - განაცხადა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა ფარჰატ მამადოვმა. „დაკავებულ სომეხ სამხედროებს რაც შეეხება, მათი ნაწილი მთიან ყარაბაღში უკვე სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ჩავიდა და ისინი აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა დააკავეს. შესაბამისად, ამ ადამიანებს ბაქო ტყვეებად კი არა, დივერსანტებად აფასებს“ - ამბობს მამადოვი.

სომეხ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთის მიერ სომხეთში ტვირთების ჩატანა რუსეთს უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ზემო ლარსით ან საქართველოს შავი ზღვის პორტების გავლით. „ახალი პროექტების განხორციელებას თანხები სჭირდება და ეს ტვირთბრუნვის თვითღირებულაბაზე აისახება. გარდა ამისა, აქ პოლიტიკური შემადგენელიც არის. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე თანაბარუფლებიანი წვდომა იქნება, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ სომეხი ბიზნესმენებისთვის ამ მხრივ არახელსაყრელი პირობები იარსებებს. ჰიბრიდული ომი გრძელდება და ის ახლა ეკონომიკურ სიბრტყეში გადაინაცვლებს“ - განაცხადა სომეხმა ექსპერტმა ვაგე დავთიანმა.

Carnegie Europe-ის უფროსი მეცნიერი და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ერთ-ერთი წიგნის ავტორის ტომას დე ვაალის თქმით, „ყველაზე საინტერესო ამ მოლაპარაკებაზე, რა თქმა უნდა, დახურულ კარს მიღმა დარჩა, ხოლო ეკონომიკური დღის წესრიგი იმიტომ წამოწიეს წინა პლანზე, რომ რაღაცა შედეგი მაინც ეჩვენებინათ. „ფაშინიანს სურდა ტყვეებზე და უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ალიევი ამაში ამ ეტაპზე დაინტერესებული არ არის. ალიევი, თავის მხრივ, სავარაუდოდ, რუსეთის სამშვიდობო მისიის საქმიანობით უკმაყოფილოა, მაგრამ პუტინი ამ საკითხში კომპრომისზე არ მიდის. შესაბამისად, რჩება მხოლოდ სარკინიგზო და საავტომობილო გზების აღდგენის საკითხში ყველა მხარის დაინტერესება“ - აცხადებს დე ვაალი.

ამასთანავე, ექსპერტი ამბობს, რომ ეს საკითხები გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. მათი განხორციელებისთვის ხომ მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი. საჭიროა პოლიტიკური ნება და პოლიტიკური შეთანხმება, რაც დღეს არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდა. აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს მიღმა პრაქტიკულად ყველა დაკარგულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა, ასევე დაიკავა ყარაბაღის ერთ-ერთ ცენტრალური ქალაქი - შუშა. 10 ნოემბრის შემდეგ რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები შევიდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 მთიან ყარაბაღში ადგილობრივი ნაღმზე აფეთქდა

🔆 ფაშინიანი: სამწუხაროდ ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა