მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო-ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფმა ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავა

საქართველოსა და ბრიტანეთის დროშები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა კახაბერ კუჭავამ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ საპარლამენტო ფორმატში დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოგლისი და სხვა წევრები, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.

შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, დეპუტატები მარიამ ჯაში და გიორგი ტუღუში.

ქართულ-ბრიტანული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს.

შეხვედრის განმავლობაში, მხარეებმა მიმოიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი, მიმდინარე პროცესებში ბრიტანეთის პარლამენტის როლის ჩათვლით. პოზიტიურად შეფასდა ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ორივე ქვეყანა დგას.

ქართულმა მხარემ ბრიტანელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორცილებული უახლესი დემოკრატიული რეფორმების შესახებ, მათ შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ზოგადად საარჩევნო რეფორმაზე.

ბრიტანეთის მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეფორმების აქტიური დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე მიესალმა განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს უფრო ძლიერი დემოკრატიისა და მეტი პოლიტიკური პლურალიზმისკენ. ამ მხრივ, ბრიტანულმა მხარემ 31 ოქტომბერს ღია, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების გამართვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა მიმოიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობა. მათ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვეს ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან მზარდი პროვოკაციებისა და აგრესიული ნაბიჯების გამო.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ე. წ. გამტარი პუნქტების ხანგრძლივად დახურვა, გაგრძელებული ეთნიკური დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევა და უარი ჯანდაცვასა და სამედიცინო ევაკუაციაზე მნიშვნელოვნად ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ პირობებს.

ქართულმა და ბრიტანულმა მხარეებმა დაგმეს რუსეთის მხრიდან ინტენსიური ჰიბრიდული ომის წარმოება, კიბერ-თავდასხმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაზე, ასევე დეზინფორმაციის კამპანიები მიმართული ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ, რომელიც ასრულებს კრიტიკულ როლს საქართველოს ბრძოლაში ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიასთან.