მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკას ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან კავშირი არ აქვს“

ფასადი

საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ლორან ვოკიეს მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ რუკას საქართველოს საგარეო უწყებაში გამოეხმაურნენ.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების სპიკერი მარი ნარჩემაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პირველადი მოკვლევით ეს გახლავთ რუკა, რომელსაც აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და მას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში დაუკავშირდნენ და ხაზზე არიან ფრანგ კოლეგებთან, კერძოდ საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ოფისთან.

მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული რეგიონის პრეზიდენტის ლორან ვოკიეს სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter) გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელსაც თან ახლავს ფოტო-მასალა, სადაც ასახულია რუკა, რომელზეც სომხეთის საზღვრებში მოქცეულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. პირველადი მოკვლევით ეს გახლავთ რუკა, რომელსაც აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და მას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს. აღნიშნული შენობა, სადაც იმყოფება რეგიონის პრეზიდენტი ასევე წარმოადგენს ნაციონალისტური ოგანიზაციის ოფისს“, - წერს ნარჩემაშვილი.

აღნიშნულს საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი გამოეხმაურა.

„ვნახე რუკა, რომელიც ფრანგმა პოლიტიკოსმა გამოაქვეყნა. პატივისცემას და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - აცხადებს ფრანგი დიპლომატი.

ruka_o_h.jpeg