მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული

თეა წულუკიანი და გრიგოლ ვაშაძე

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას ეხმაურება. 

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე პრინციპული პოლიტიკოსია და ის განცხადებებს ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებდა.

„ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, 8 მარტის შეთანხმების მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი ოპოზიციის წევრებიდან გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული, მაგრამ მის ყოველ მწვავე კრიტიკას და „ქართული ოცნების“ ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა თან ის რაღაცა, რაც იშვიათად დამინახავს სხვა ოპოზიციის წევრებში. ჩემი ყურებისთვის, „ქართული ოცნების“ მოსასმენად ძალიან უსიამოვნო რამეს იტყოდა, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ნათქვამი რაღაც ფორმით და ნაკარნახევი, თითქოს უფრო არა ვიწრო პარტიულით, არამედ უფრო იმით, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის. ეს ყოველთვის ასე იყო, რაც არ უნდა ის არ მომწონდეს და ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორც მან განაცხადა, გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულება პარტიასთან ოდიოზური ფიგურების დაახლოვებაზე, გონივრულია.

„მისი დღევანდელი განცხადება თავისი შინაარსით და ფორმით არ გამკვირვებია. ის საუბრობს ოდიოზურ ფიგურებზე, ამ ოდიოზურ ფიგურებს, ერთ-ერთ მათგანს ცხელი კარტოფილი დავარქვი, როცა მან ციხე დატოვა და რატომღაც, მჯეროდა, რომ ეს ის ცხელი კარტოფილი იყო, რომელსაც გონიერი პოლიტიკური ძალა ახლოს არ მიიკარებდა და არა მხოლოდ მას, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ის ძალებია, რომლებზეც თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ იყო, მათ ეყრდნობოდა და ოპოზიციაშიც ძნელია ისინი თავიდან მოიშორო. რა თქმა უნდა, ისინი ამ პოლიტიკურ ძალას ჩიხისკენ მიაქანებენ და მათ ყველანაირ წარმონაქმნს უკარგავენ პერსპექტივას, რომ ოდესმე, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს იქნება „ევროპული საქართველო“ თუ სხვა“, – განაცხადა წულუკიანმა.

👉 ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.