მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ოპოზიცია 2021 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს სრული კატასტროფა იქნება“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ოპოზიციურმა პარტიებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს. 

„როცა მეორე ტური ჩააგდეს და „ქართულ ოცნებას“ გადაულოცეს მანდატები, უკვე ჩანდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდოდა. ისინი ალბათ გააგრძელებენ პარლამენტის გარეთ ბრძოლას და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის დაიწყებენ მზადებას.

გულახდილად რომ ვთქვათ, ეს საარჩევნო სისტემა არ იყო ძალიან ცუდი, რადგან შეთანხმებული იყო ეუთოსთან და მეტნაკლებად მომუშავე მექანიზმია, თუ ხელისუფლება არ გააყალბებს არჩევნებს, არ იქნება მოსყიდვა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა. თუ ოპოზიცია მზადაა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მეტი სანდო ადამიანი უნდა ჰყავდეთ ღირსეული ადამიანები, რომლებიც არ გაიყიდებიან.

თუ ისინი ბოიკოტს გააგრძელებენ და მომავალ არჩევნებშიც არ მიიღებს მონაწილეობას, ეს იქნება სრული კატასტროფა“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, რევოლუციურ სცენარზე მუშაობას ოპოზიციას მომავალი არჩევნებისთვის მომზადება უნდა ერჩიოს.

„გაყალბებული არჩევნებით ბევრჯერ გვიცხოვრია ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც. ეს ასატანი რეალობაა. ხალხი ქუჩაში გამოსვლას არ აპირებს. ხალხი მხოლოდ იმ დროს გამოვა ქუჩაში, თუ კორონავირუსთან ბრძოლა ჩაფლავდება და მძიმე ეკონომიკური კრიზისი გაგრძელდება. არჩევნები აუცილებლად მოვა, ამიტომ ოპოზიციას ურჩევნია რეალური მიზნებისთვის იბრძოლოს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, 15 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით 5 ოპოზიციური პარტიის განცხადება დააკმაყოფილა. ეს პარტიებია: „ნაციონალურმა მოძრაობა“,“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტულმა პარტია“ და „ლელო“.

👉 საპარლამენტო მანდატებზე უარის პროცედურის დასასრულებლად პარტიების არჩეულმა დეპუტატებმა განცხადებები ინდივიდუალურად უნდა დაწერონ.