მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადმინისტრაციულ კოდექსთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან პანიკა პოლიტიკურად გაზვიადებული და ორგანიზებულია - ვლადიმერ ბოჟაძე

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე

„ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურად ორგანიზებული და გაზვიადებულია „პანიკა“, რომ „ადმინისტრაციულ კოდექსში“ მიღებული ცვლილებებით საფრთხე ემუქრება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ან აქციების და მანიფესტაციების ჩატარებას. ეს უფლებები კონსტიტუციით არის გარანტირებული და მათ რეალიზებას წინ ვერაფერი დაუდგება. ასევე არ მგონია, რომ რომელიმე სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტი წვრილმანი ხულიგანია ან აუცილებლად კანონდამრღვევია,“ - ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია, ასევე, საკონსტიტუციოს სასამართლოს 2020 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და ის ფაქტი, რომ პროექტი მაშინ დარეგისტრირდა, როდესაც ოპოზიციამ ვალდებულება აიღო შესულიყო პარლამენტში.

„ანუ, განხილვების დროს ოპოზიცია („ნაციონალური მოძრაობის“ გარდა) უკვე პარლამენტში იყო. ახლა რაც შეეხება იმას, საერთოდ რატომ შეიძლება გახდეს საჭირო პირის დაკავება: პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ პირის დაკავებას უნდა ჰქონდეს კონკრეტული საფუძველი, რაც ნიშნავს, რომ უსაფუძვლო დაკავების უფლება არავის აქვს. წარმოვიდგინოთ, რომ პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის დასახლებულ პუნქტში, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და არ ემორჩილება პოლიციას, ეს ყველაფერი სამართალდარღვევაა. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ერთადერთი გზაა პირის დაკავება, რათა აღიკვეთოს ეს დარღვევა.

ამ შემთხვევისთვის კანონი ამბობს, რომ დაკავებული პირი სასამართლოს წარედგინება:

1. პირველი შესაძლებლობისთანავე (როდესაც ეს შესაძლებელია);

2. არაუგვიანეს 24 საათისა, როდესაც ვერ ხდება წარდგენა პირველივე შესაძლებლობისთანავე;

3. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 24 საათიანი ვადა შესაძლოა, გახანგრძლივდეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი, წერილობით ასაბუთებს დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას. ეს ვადები კი საჭიროა იმისთვის, რომ პოლიციამ გამოჰკითხოს მოწმეები, ამოიღოს კამერის ჩანაწერები და ა.შ., რომ სასამართლოს დაუმტკიცოს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა.

იქნებ ვინმემ მითხრათ რაშია აქ პრობლემა? არ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი? კიდევ ერთხელ ვადასტურებ ყველა კონსტიტუციური უფლების რეალიზების სრულ მხარდაჭერას, ვდგავარ სიტყვის და გამოხატვის უფლების სადარაჯოზე“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.