მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენს მხარდამჭერ ქვეყნებს ქართველი ხალხი, მისი განწყობაც არ უნდა გამორჩეთ. ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ საქართველოს სუვერენიტეტი და დანარჩენ თემებზე მერე ვისაუბროთ - დავით მაღრაძე

პოეტი დავით მაღრაძე Pia.ge

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტმა დავით მაღრაძემ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა:

„ახლა ისეთი ეპოქაა, როგორც ჩემს ნაწარმოებში ვამბობ, მოქალაქეში ადამიანის გადარჩენა, ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ ეხება. მგონია, თავად სამყაროა აფორიაქებული და მორალურ ქაოსში შესული. ეს კი პოლიტიკოსებზეც, ჟურნალისტსა და საზოგადოების სხვა წევრებზეც ირეკლება. მგონია, რომ ეს რყევები, როგორც მორალური ქაოსი, როგორც ტალღა, პიკამდე მივა და მერე დაიმსხვრევა.

ვფიქრობ, ასე ხდება ახლაც, პოლიტკონიუნქტურა, მორალური ქაოსის ტრენდი, თავდაღმართისკენ მიდის და მალე დაიმსხვრევა, მაგრამ მას მოსდევს ქრისტიანობის, დემოკრატიის თავიდან გააზრება, გულისხმიერების დაბრუნება და მოქალაქეში ადამიანის გადარჩება. ასეთია კაცობრიობის ისტორია, ბუნების კანონზომიერება. ასე მგონია, ჩვენი სამშობლო იოანე საბანისძის მარადიულ ფორმულას: „ჩუეულებისაებრს სლვაი მამულისა“ დაუბრუნდება. ისევე, როგორც სამყარო დაუბრუნდება ჩვეულებისამებრ სვლას.

ასე რომ, ევროპულ სამყაროსთან დაპირისპირების გაღრმავებას არ ველი. თუმცა გულისწყრომა გასაგებია, რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ძალიან ბევრს გვეხმარებიან. თუნდაც ამერიკის ბოლო ჟესტი - ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზის ჩუქება როგორი მნიშვნელოვანი თანადგომაა... რომ არა ამერიკის მხარდაჭერა, ძალიან სწრაფად დავდგებოდით ერეკლე მეფის დილემის წინაშე... თუმცა მგონია, ჩვენს მხარდამჭერ ქვეყნებს მხოლოდ ხელისუფლება და ოპოზიცია კი არა, ქართველი ხალხი, მისი განწყობაც არ უნდა გამორჩეთ. ყველამ ერთად, მოსახლეობამ და დიპლომატიურმა კორპუსმაც უნდა ვაღიაროთ საქართველოს სუვერენიტეტი და დანარჩენ თემებზე მერე ვისაუბროთ. ასე რომ, ვექტორი ჩრდილოეთისკენ კი არა, სუვერენიტეტისკენ იკვლება. გარდა ამისა, ეს კავკასიაა, სადაც ტრადიცია ფერფლის თაყვანისცემას კი არ ნიშნავს, ცეცხლის გადაცემაა“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.