მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე: ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ

საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია

„შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ“, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინელ კოლეგასთან დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხები.

ღარიბაშვილმა შმიგალს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველა მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები.

„მოხარული ვარ, რომ იგი დღეს სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყნებს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა, ჩვენს ხალხებს შორის არის ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა და ამას ადასტურებს ჩვენი დღევანდელი ვიზიტი.

უკრაინასა და საქართველოს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან ბევრი საერთო ინტერესები. ჩვენ განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია საერთო გამოწვევები და პრობლემები, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები.

ჩემს კოლეგასთან, რა თქმა უნდა, გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მე მას დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

შეხვედრის მთავარი საკითხი იყო სწრაფვა ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა. ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ საკითხზე ჩვენ, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ.

მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ასოცირებული ტრიოს დაფუძნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები, ორივე ქვეყანა, ასევე, ძალიან მოტივირებული ვართ, რომ ძალიან მალე გავხდეთ ნატო-ს სრულფასოვანი წევრები.

მოგეხსენებათ, რომ ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები და წლების მანძილზე ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილეთ სავაჭრო ეკონომიკური საკითხები, შევთანხმდით, რომ აუცილებელია გააქტიურება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინას საერთო გამოწვევები და ინტერესები აქვს.

„უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ტოპ ათეულში შედის. ჩვენი ამოცანაა, რომელიც ჩემს კოლეგასთან ერთად დღეს დავისახეთ, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე, აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებით.

მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან. მოხარული ვიქნებით კიდევ უფრო მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით საქართველოში.

ჩვენს გვაქვს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი და ყველა ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენს შორის არსებული ისედაც ძალიან ძლიერი ურთიერთობები“, - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 3 ივნისს დაიწყო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.