მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის, რომ მელიას დაკავების გამო გადავდექი, სიცრუეა“ - გახარია

საქართველოსთვის თავმჯდომარე

„ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის. თუ გგონიათ, რომ ახლა ვიღაცა მაიძულებს დღეს წარსულზე აქ ჭორაობა დავიწყო, რა თქმა უნდა, მე ამას არ გავაკეთებ“, - ამის შესახებ ექს პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრაზე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტის იმ კითხვას უპასუხა, რომელიც მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებებს ეხებოდა.

გახარიას თქმით, ის დამოუკიდებელი პრემიერი იყო და ის ვერ აღვიქვამდა საკუთარ თავს, როგორც არადამოუკიდებელი მთავრობის მეთაური.

„ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის. თქვენ თუ გგონიათ, რომ ახლა ვიღაცა მაიძულებს, დღეს წარსულზე აქ ჭორაობა დავიწყო, რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებ. რასაც თქვენ ამბობთ, გამზომი ჩემი ხარისხის დამოუკიდებლობის, მე ამას ასე არ აღვიქვამ.

გულწრფელად გეუბნებით, პარტიის დაფუძნების პირველივე დღეს ვთქვით, „ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“. ეს არ მითქვამს ტყუილად. ეს არის ის ფასეულობები, რაზე დაყრდობითაც ეს ნაბიჯი გადავდგი.

უაღრესად სასაცილო სიტუაცია იყო დღეს. ერთი მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იძახის „ვნახავო გახარია რას იტყვის ივანიშვილზეო და მერეო საშვს ან მივცემ პოლიტიკურ ველზე ან არაო“. დღეს გამოსულა კიდევ „ოცნების“ თავმჯდომარე და რაღაც განცხადება გაუკეთებია.

საერთოდ არ მაინტერესებს, არცერთს არ უჭირავს ქართველი ამომრჩევლის გასაღები გულთან. საერთოდ პოლიტიკურ ველზე ვინ იქნება, ვინც კანონს იცავს, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც მეორეს. აი, ეს ორი ლექსიკა ძალიან ემსგავსება ერთმანეთს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით, როდესაც ის კედელს შეეჯახა, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„რა თქმა უნდა, ვიყავი დამოუკიდებელი. როდესაც მე ვიყავი პრემიერი, ისევე როგორც ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი ყველა ამ ინსტიტუტზე ვიყავი პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, ვაღიარებ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო გუნდური. სანამ ამ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემეძლო მეთამაშა პოზიტიური როლი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში კომპრომისის ხარჯზე ამას ვაკეთებდი. როგორც კი დავეჯახე კედელს, მივხვდი, რომ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე გადავდექი. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. რაც უფრო მეტი დრო გადის, ამაში ვრწმუნდები, მაგრამ მელიას დაკავება აქ არაფერ შუაში არ არის. ვერსიის გავრცელება, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე,“ - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ივანიშვილს, გახარიას თქმით, ის ივანიშვილს დღეს არც აქებს და არც აძაგებს.

„მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალზე როდესაც იქნება საუბარი, რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო,“ - დასძინა გიორგი გახარიამ.