მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა ოქრიაშვილი 20 ივნისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახაბერ ოქრიაშვილი, 2019

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი 20 ივნისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო, დღემდე გრძელდება.

„ორი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს, ქვეყანაში დაიწყო უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით - რუსი პოლიტიკოსის, გავრილოვის საქართველოს პარლამენტში დასმით. ეს კრიზისი დღემდე გრძელდება.

პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მე ჯერ კიდევ 20 ივნისის დილას მოვითხოვე მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი პოზიციის მყისიერად გაზიარების შემთხვევაში, შევძლებდით ვითარების დეესკალაციას და თავიდან ავიცილებდით 21 ივნისს განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს, საკუთარი მოსახლეობის დარბევასა და ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრას.

სწორედ ეს გახდა ჩემი და „ქართული ოცნების“ საბოლოოდ გამიჯვნის მთავარი მიზეზი! სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ და ახლაც, მიიღო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ხერხებით და მეთოდებით შეინარჩუნოს ხელისუფლება. ისინი დღესაც აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს - აყალბებენ არჩევნებს, ვერ ასრულებენ 2012 წლიდან დღემდე ხალხისთვის მიცემულ ვერცერთ დაპირებას.

დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება, რიგგარეშე არჩევნების გზით და ვისურვებდი, ეს ცვლილება მოხდეს სწორედ არჩევნების და არა ქუჩის გამოსვლების შედეგად“, - წერს კახა ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 20-21 ივნისს 275 პირი დაზარალდა, მათ შორის – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ 20 ივნისს დაზარალებულები პარლამენტთან აქციას გამართავენ

⭕ „20 ივნისს წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენების შემთხვევაში შეიძლებოდა მძიმე დაზიანებები თავიდან აგვეცილებინა“ - სუბარი

⭕ ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის ღამეს „თვალთხარია“ იყო ნიკანორ მელია და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებმაც დაიწყეს შტურმი პარლამენტზე