მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ შეუწყო ხელი შეთანხმების ჩაშლას“ - სალომე სამადაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ შეუწყო ხელი შეთანხმების ჩაშლას“

„შეთანხმების ანულირება და უარის თქმა, ეს არის განაცხადი იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნის არ აინტერესებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გეგმა იყო მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ჩაშლა. ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ შეუწყო ხელი ამ პროცესს. ვხედავთ, რომ 2 პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ქვეყანას მიაქანებს კატასტროფისკენ.

ენმ-ს გადაწყვეტილებამ, ხელი არ მოეწერა დოკუმენტისთვის, ქვეყანას არ მისცა შესაძლებლობა ეს შეთანხმება შემდგარიყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბაბი მისცა მოწინააღმდეგეებს ქვეყანა წაეყვანა კატასტროფისკენ.

ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური პროცესი იწყება. ამ დოკუმენტს ხელი იმიტომ მოვაწერეთ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, იყო გზა, რომლითაც უზრუნველვყოფდით ქვეყანაში ვადამდელ არჩევნებს და უზრუნველვყოფდით ქვეყანაში მართლაც, კოალიციური, მრავალპარტიული, დემოკრატიული მმართველობით შეცვლას აი, ამ ავტოკრატიული რეჟიმის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, შეთანხმება ხელმომწერი პარტიებიდან დაარღვია მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“.

„დავიწყებთ კონსულტაციებს თუ რა იქნება სწორი პოლიტიკური პასუხი ამ ქმედებაზე, ასევე, დავიწყებთ კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ შეთანხმების ანულირება და უარის თქმა, ეს არის განაცხადი იმისა, რომ მათ არანაირი ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნის არ აინტერესებთ და უარს ამბობენ იმ გზაზე, რომელიც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაგვისახეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის მანძილზე ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის.