მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტი ძველ გზას თუ დაუბრუნდება, დავტოვებ, მეუღლის გარდა ჯვარი არავისზე მაქვს დაწერილი“ - ვაშაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე

„პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ეს პარლამენტი ისევ თუ ძველ გზას უბრუნდება და ხელმოწერილი დოკუმენტის მიუხედავად არაფერი სასიკეთო არ არის, როგორც შევედი ისე გამოვალ“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტის მიუხედავად ორი პუნქტი დარღვევისკენ მიდის.

„როდესაც გამოვიდა ეუთო/ოდირის დასკვნა და როდესაც ყველა მოკავშირემ გითხრა, რომ შენი ქვეყნის ინტერესებშია, იმიტომ რომ შეიძლება გაიხსნას შესაძლებლობების ფანჯარა, უპირველეს ყოვლისა დოკუმენტზე ხელის მოწერა, ამ დროს ორი არჩევანი გაქვს. ერთი - უდაბნოში დარჩე და ავტობუსს ელოდებოდე, მეორე- შეხვიდე და მიაღწიო იმ მიზნებს, რომელიც მართლა შეუმსუბუქებს ცხოვრებას საქართველოს მოქალაქეს.

პატიოსან სიტყვას გაძლევთ, თუ შევხედე 6 თვეში, რომ ეს პარლამენტი ისევ ძველ გზას უბრუნდება და ხელმოწერილი დოკუმენტის მიუხედავად არაფერი სასიკეთო არ არის, როგორც შევედი ისე გამოვალ. „ოცნებამ“ ამნისტიის საკითხი ჩააგდო, სრულიად უმსგავსო საქციელი და მეორე საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა მყისიერად უნდა შეწყვეტილიყო. ორი პუნქტი დარღვევისკენ მიდის და დარჩა მესამე, საარჩევნო ნაწილი.

თუ აღმოჩნდა, რომ აქაც ფეხს ითრევენ და სასიკეთო გზისკენ არ მივდივართ და ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებას, აბსოლუტურად წყნარად გამოვალ პარლამენტიდან. ჩემი მეუღლის გარდა ჯვარი არავისზე მაქვს დაწერილი. ამ პარლამენტში და იმ პოლიტიკურ სისტემაში, რომელშიც დღეს არის საქართველო, რაიმე სასიკეთო შედეგის მიღწევა შეუძლებელია“, - აღნიშნა ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ნორმალურად არ ჩატარდება არჩევნები, დატოვებს თუ არა ვაშაძე პარლამენტს, დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ წყნარად დატოვებს საკანონმდებლო ორგანოს.

ამასთან, ვაშაძე აცხადებს, რომ ის უპარტიო დეპუტატია და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას როგორც კანდიდატი არ აპირებს.

„საერთოდ არასოდეს არ ვგრძნობდი თავს პოლიტიკაში კომფორტულად“, - დასძინა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, ვაშაძემ 2020 წლის დეკემბერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლის მიერ შექმნილი ფრაქციის წევრია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა

🔴 გრიგოლ ვაშაძემ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა