პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.
პროექტში გათვალისწინებულია 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც გულისხმობს - პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.
ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა.
თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას - შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, წინა წელს სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო.