მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ესებუას, რომ მოეპარა 129 მილიონი ლარი?“ - რომან გოცირიძის კითხვა მინისტრებს

თქვენ დაისახეთ დიადი მიზანი საბოტაჟის თავიდან აცილებისა ანუ ამას ჰქვია ფულით დასჯა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღგ-ის დაბრუნების სქემით, ბიუჯეტიდან 129 მილიონი ლარის მოპარვის საქმესთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

დანაშაულის სიმძიმის საჩვენებლად, რომან გოცირიძემ ბადრი ესებუას ძარცვა, ბიუჯეტიდან ფულის მოპარვას შეადარა. როგორც მან აღნიშნა, ესებუას ამ ოდენობის თანხის წასაღებად 86 ბანკი უნდა დაეყაჩაღებინა.

მან პრემიერს კონკრეტული მაღალჩინოსნებისა და სამსახურების წარმომადგენლების დასახელება მოსთხოვა, ვინც ამ საქმეზე პასუხისგებაში მიეცა.

„ძალიან გახარებული დავრჩი ორიოდე დღის წინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება. გახარებული იმიტომ, რომ თუ საქართველოშია, ესე იგი არის ტყეში და თუ ტყეშია, ფულიც იქ აქვს და მას ვერ დახარჯავდა. როდესაც თქვენ მას დაიჭერთ, სამართლიანობაც აღდგება და ფულიც დაუბრუნდება პატრონს.

რატომ ვახსენე ესებუა. ერთი შეკითხვა მინდა დავუსვა ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ოღონდ პასუხს მე გაგცემთ, რომ არ იწვალოთ. რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ესებუას, რომ მოეპარა 129 მილიონი? მას უნდა გაეძარცვა 86 ბანკი. წარმოგიდგენიათ, 86-ჯერ რომ განმეორებულიყო ის, რაც საქართველოში ტრიალებდა და მთელი ქვეყანა პარალიზებული იყო. ფილმებშიც გვინახავს, რამდენს წვალობს ხალხი, რომ ბანკის საცავში გვირაბი გაიყვანოს და 1-2 მილიონი წაიღოს ბანკიდან.

ფინანსთა სამინისტროსა და სხვა ჩინოვნიკების მონაწილეობით, საქართველოში მოიპარეს 129 მილიონი ლარი, დღგ-ის თაღლითური მანიპულაციით. ფინანსთა მინისტრმა, როცა გამოცხადდა აქ, განაცხადა, რომ პასუხისგებაში მიეცა 241 პირი, რომელთაგანაც დღეისათვის პატიმრობაში იმყოფება 69, ძებნილია 76, გირაო აქვს შეფარდებული 114 პირს. თურმე ესენი ქურდები კი არა, მონსტრების კორპორაცია ყოფილა. 200-ზე მეტმა ადამიანმა 700 მილიონის ბრუნვა უნდა დამალოს, რომ მოიპაროს 18% ანუ 129 მილიონი.

როგორ მოხდა ეს, თუ ამაში მაღალჩინოსნები არ არიან გარეული. ახლა მითხარით, ვინ დაიჭირეთ, რომელი მაღალჩინოსანი ან დაბალჩინოსანი, ლიფსიტებს რომ დაერიეთ და ღლავები მოსაპარად არიან გამზადებული“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.