მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორ არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ პირამოკერილ, მოშიმშილე ადამიანებთან მისულიყავით?“ - ვაშაძე უმრავლესობას

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი

„როგორ შეიძლება 1 კაპიკი არ იხარჯებოდეს ამ ადამიანებისთვის. არცერთ თქვენგანს არ გაგიჩნდათ სურვილი 1 საათით მაინც ჩასულიყავით პირამოკერილ, მოშიმშილე ადამიანებთან და უბრალოდ გეკითხათ რა ხდება? იქნება და მათი უფლებები ირღვევა. ახლა არ დააბრალოთ კერძო კომპანიას, რომ ის აკეთებს ყველაფერს, მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ“, - ასე მიმართა უმრავლესობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჭიათურაში მოქალაქეების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოხტვასთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძის თქმით, ჭიათურაში ხალხი შველას ხელისუფლებისგან ითხოვს, მაგრამ იქ ჯერჯერობით არავინ ჩასულა.

მისივე თქმით, ადამიანებს ჭიათურაში სახლები თავზე ენგრევათ და არანაირი ყურადღება არავისგან არ ექცევათ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურს მიმართა და მოუწოდა დაინტერესდეს მათი პრობლემებით.

„ეს არიან ადამიანები, რომლებიც უკვე 8 დღის მანძილზე პირი აქვთ ამოკერილი. ხალხი, რომელიც თავისი ხელისუფლებისგან შველას ითხოვს, მაგრამ ჯერჯერობით არავინ არ ჩავიდა ამ ხალხთან და არავინ ესაუბრება. გუშინ კიდევ სამმა ქალბატონმა ამოიკერა პირი, მარტივ რაღაცას ითხოვს ეს ხალხი, თავზე ენგრევათ სახლები, სახელმწიფო მართავს კორპორაციას ჭიათურაში, „ჭიათურა მანგანუმს“ და არანაირი ყურადღება ამ ადამიანებთან მიმართებით არ არის.

ეს არის სწორედ ის ფაქტი, როცა თქვენ სრულიად მოშორებული ხართ იმას თუ რა ხდება ქვეყანაში. ხალხი მშიერია, სახლები თავზე ენგრევათ და თქვენთან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან მათ ხარჯზე. დიახ, ასობით მილიონი დოლარის მადანი ყოველწლიურად გადის ჭიათურიდან, მაგრამ ჭიათურა ასეთი განადგურებულია.

თქვენ არ ჩადიხართ ეტყობა და ამიტომ სურათები წამოგიღეთ. ისეთი განადგურებულია, გეგონება მეორე მსოფლიო ომი იყო და დაბომბეს ეს ქალაქი. 1 კაპიკი არ იხარჯება იმისთვის, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების რეკრეაცია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს მარტო ჭიათურაში კი არ ხდება, იგივე ხდება ბოლნისში, სადაც ასობით მილიონი დოლარის ოქრო გადის ქვეყნიდან და არანაირი ყურადღება არ არის იმ დაბიძურებულ მდინარეებზე, რომელიც არის აქ.

იგივე ხდება სხვა რაიონებში, გუშინ ვუყურებდი კომიტეტის სხდომებს, სადაც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე იყავით, შეხუმრებულები, რაღაც ცინდრიკი იყო. თქვენ შეიძლება კარგად ხართ, იმიტომ რომ უზრუნველყოფილი ხართ, მაგრამ ხალხს შია.

იმის გამო, რომ თქვენ არანაირ ყურადღებას არ აქცევთ ხალხს ძარცვავენ ყოველდღე. პარლამენტი არის ორგანო, რომელმაც პასუხი უნდა მოსთხოვოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამის ხალხს, რატომ არ აქცევენ ყურადღებას ამ ადამიანებს.

პარლამენტი არის ორგანო, რომელმაც ხალხის ინტერესი უნდა დაიცვას და არა ის წილებში ჩაუსხდეთ იმ უზარმაზარ კომპანიებს და მიიღონ კონკრეტული სარგებელი. ეს არის რეალობა ქვეყანაში. თქვენ ამას ვერ უარყოფთ იმიტომ რომ ხალხი მშიერია, ხალხი ღარიბდება, თქვენ და თქვენი თანაგუნდელები კი მდიდრდებით.

ტკბობას ხართ მიცემული. თანამდებობრივ ტკბობას ხართ მიცემული, საპარლამენტო მანდატების ტკბობას ხართ მიცემული და გგონიათ, რომ როგორც დალხენილად ცხოვრობთ ასე ცხოვრობს საზოგადოება. ამიტომ მივმართავ პრემიერ-მინისტრს, მარტო ზედაპირული ლაპარაკი კი არა, ჩადი და დაელეპარაკე“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დეპუტატმა ასევე „ლიბერთი ბანკის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბანკის მონოპოლია უნდა დასრულდეს.

„დღეს დავაინიცირებთ კიდევ ერთ კანონპროექტს, რომლითაც დასრულდება ლიბერთი ბანკის მონოპოლია და პენსიონერების ძარცვა ამ ქვეყანაში. იმედი მაქვს, უმრავლესობაში არ გამოდგება ეს ხალხი, ვინც იტყვის, რომ არა ლიბერთი ბანკს უნდა ჰქონდეს მონოპოლია საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ვნახოთ ეს თქვენზე იქნება დამოკიდებული“, - დასძინა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს. ისინი ადგილობრივები კომპანიას მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.

ამავე თემაზე:

✔️ ჭიათურაში სამმა ქალმა პირი ამოიკერა

✔️ ჭიათურაში აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა