მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო აზერბაიჯანული გამოცემის ბრალდებას პასუხობს

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ერთ-ერთი აზერბაიჯანული გამოცემის სტატიას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის იარაღი, რომელიც საზღვრისპირა ბრძოლებში გამოიყენეს, სომხეთში სერბეთიდან საქართველოს გავლით შევიდა.

„ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობებს, სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტგამოცემა, არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს. აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“,- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

აზერბაიჯანულმა გამოცემა haqqin.az-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო სომხეთს შეიარაღების ტრანსპორტირებაში დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ მას 2008 წლის ომის დროს, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველოსთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.

12 ივლისს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით 16 ივლისს დაემუქრა. აღნიშნული განცხადება პასუხი იყო სომხური მხარის განცხადებაზე, რომელიც თავის მხრივ, მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის მიტანით დაიმუქრა.

ბოლო მონაცემებით, შეტაკებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებული უფრო მეტად აზერბაიჯანული მხარეა, სადაც მსხვერპლი 13-მდე გაიზარდა. სომხურ ცეცხლს რიგით სამხედროებთან ერთად აზერბაიჯანელი პოლკოვნიკი და გენერალიც ემსხვერპლნენ. გარდაიცვალა 1 სამოქალაქო პირიც. რამდენიმე ათეულს აღწევს დაჭრილთა რაოდენობაც.