მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულა

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა, სადაც მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ვითარება გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც დღეს აქ, საოკუპაციო ხაზთან მოვისმინე. მივიღე ამომწურავი ინფორმაცია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლსა და აქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რაც მივიღე მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ჯანდაცვისა და ვაჭრობის კონტექსტში, ასევე იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც აღნიშნული ადმინისტრაციული საზღვრით არიან ერთმანეთს დაშორებული.

ნატოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბარიერების აღმართვა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო შეთანხმებას. აუცილებელია, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ ყველანაირ ძალისხმევას და საერთაშორისო მოლაპარაკებებს ამ სიტუაციის მოსაგვარებლად“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.

„მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს ვიზიტი დაიწყო სწორედ საოკუპაციო ხაზზე. დღეს ვიმყოფებით ახალგორის მიმართულებით, სადაც ჩანს მავთულხლართები და რუსული საოკუპაციო ბაზები. ეს კიდევ ერთხელ არის იმ მხარდაჭერის ხაზგასმა, რომელიც საქართველოს გააჩნია თავის პარტნიორების და კონკრეტულად ნატოს მხრიდან“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.