მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება

პროექტი მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტის „კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” ძირითადი პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.

„მოგახსენებთ, რომ CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალ პროექტს “კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” იწყებს.

პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) განვითარება და ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის დანერგვისთვის საჭირო მექანიზმების ჩამოყალიბება.

პროექტი ორიენტირებული იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სათემო ინსტიტუტების, ფერმერების, ქალების, ახალგაზრდების, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებაზე, რაც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA) გათვალისწინებით, კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკების დანერგვას გულისხმობს“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, პროექტი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს საქმიანობებს შემდეგი მიმართულებით: მუნიციპალიტეტის დონეზე კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის მექანიზმების ჩამოყალიბება; სათემო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერება კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების (HRBA) დასანერგად; შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით დაფინანსდება ადგილობრივი ინიციატივები (ქვე-გრანტები) და შეიქმნება ქალთა სოფლის მეურნეობის კოოპერატივი;