მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა“ - ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა.

მისი თქმით, ხვალ, 12:00 საათამდე გამოქვეყნდება ხელისუფლების ოფიციალური განცხადება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მოთხოვნებთან დაკავშირებით.

„ჩვენთან დღეს კონტაქტზე გამოვიდა ბატონი ლერი ბარნაბიშვილი, პრემიერის რწმუნებული, იყო მცდელობა იმ პირობების სანახევროდ შესრულების, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ, ითქვა, რომ ნაწილობრივ აიღებენ ბარიკადებს იმ თვალსაზრისით, რომ მოგვეცემა გადაადგილების საშუალება შეზღუდული რაოდენობით ადამიანებს, საუბარი იყო 30-დან 40 კაცამდე.

ასევე, სამუშაო პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივად, გზის მშენებლობაზე აქვთ მათ აქცენტი გაკეთებული, თუმცა ჩვენთვის ეს ერთიანი პროცესია. კარგად ვიცით, რომ გზა იქ იმიტომ შენდება, რომ ჰესი უნდა აშენდეს.

რადგან არ დაკმაყოფილდა მათგან ეს პირობები, ამ ეტაპზე შეთანხმება არ იქნა მიღწეული, თქვეს, რომ ხვალ, 12:00 საათამდე გავრცელდება ოფიციალური განცხადება, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს. ველოდებით მათ პასუხს. კიდევ გაივლიან ამ საკითხებს და წერილობით გაავრცელებენ განცხადებას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.

ინფორმაციისთვის, მათი მოთხოვნები ასეთია: შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები, აღდგეს გადაადგილება სოფელ ნამახვანის მიმართულებით და აქტივისტებს იქ პროტესტის გაგრძელების საშუალება მიეცეთ.

პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ნამახვანჰესის აქტივისტებს 15 აპრილს შეხვდა.