მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავამ თელავში 18-ნომრიანი საოჯახო სასტუმროს „სვიანას“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

თელავში 18-ნომრიანი საოჯახო სასტუმრო „სვიანა“ გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში 18-ნომრიანი საოჯახო სასტუმროს „სვიანას“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასტუმრო მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა. დღესდღეობით სასტუმროში 32 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. სამომავლოდ, ინვესტორი სასტუმროს გაფართოებას და პერსონალის 50 კაცამდე გაზრდას გეგმავს.

„ეს სასტუმრო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ქართველი ინვესტორები, მსგავსად უცხოელი ინვესტორებისა, ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს ბიზნეს გარემოს, ტურიზმის პერსპექტივას. ამავე დროს, აღნიშნული სასტუმრო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენი პროგრამა ძალიან ეფექტურია და ბევრ ასეთ მცირე საოჯახო სასტუმრო და სხვა პროფილის საწარმოებს ეხმარება ამუშავებასა და განვითარებაში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა ახლადგახსნილი სასტუმრო, სადაც ასევე მოქმედებს ორი ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ღია აუზი.

აღსანიშნავია რომ სასტუმრო „სვიანა“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. სააგენტოს დახმარებით აღებული სესხი 1 მილიონი ლარია, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ცნობისთვის, სასტუმროს გახსნას ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მ.შ ირაკლი შიოშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.