მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავის თეატრის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ორმა მხარდამჭერმა კარავი გაშალა

თელავის თეატრის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ორმა მხარდამჭერმა კარავი გაშალა

თელავში დედაქალაქიდან ჩასული აქტივისტები, საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ. ასევე მათ საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის დროს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დღეს პარლამენტთან დაკავებულ აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მოგვიანებით, მათთან სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. პოლიციელებმა კომენდანტის საათის დაწყებამდე კარავში მყოფებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მიზეზად კი პანდემიასთან დაკავშირებით თეატრის წინ დეზინფექციის ჩატარება დაასახელეს.

„თავიდან გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტის გაფრთხილება იყო საჭირო აქციის ჩასატარებლად. რაზეც ჩვენ გადმოვუღეთ და წავაკითხეთ კანონი, სადაც წერია, რომ არ ვართ გაფრთხილებაზე ვალდებული, თუ საგზაო მოძრაობას ხელს არ ვუშლით. ამის მერე სხვა ეკიპაჟი მოვიდა, ფოტოები გადაუღეს ჩვენს პირადობებს და გვითხრეს, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ან მანქანაში ვყოფილიყავით, ან კარავში. ამჯერად, ჩვენ ვემორჩილებით მათ მოთხოვნას. თუმცა, დილიდან ისევ დავბრუნდებით“, - განაცხადა რამაზ აივაზაშვილმა.

„მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ვითხოვთ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რადგან მთელმა საქართველომ დაინახა, რომ არჩევნები გაყალბდა. გარდა ამისა, პარლამენტის უკან მიმდინარე აქციაზე დააკავეს ორი აქტივისტი და სოლიდარობის გამო, დღეს საღამოს მოვედით აქ და გავაჟღერეთ ჩვენი პოზიცია“, - ამბობს დავით დავითაშვილი.

კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აქტივისტებმა კარავი აიღეს. ისინი ღამეს ბენზინ გასამართ სადგურზე გაათევენ. დილის ხუთი საათიდან კი ისევ თელავის თეატრთან დაბრუნდებიან, სადაც სხვა მოქალაქეებიც შეუერთდებიან და მთავარ გზავნილებს გააჟღერებენ.