მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით კრწანისის ტყე-პარკში სარწყავი წყლის სატუმბი სადგური შენდება

სარწყავი-სატუმბი სისტემა კრწანისში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში, მდინარე მტკვარზე მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მტკვრის წყალს 8 ტბასა და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის.

სამუშაოები დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მტკვარი 2“-ის მიერ.

კრწანისის ტყე-პარკის განახლებისა და აღდგენის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო 100 კვტ. მზის ელექტროსადგური; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისგან დაცვის მიზნით, ტყე-პარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა.

დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა და დათევზიანება, 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა. ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის.

პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით.