მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსანდრე დარახველიძე: ჩვენ ვიზიარებთ რეკომენდაციებს და უკვე ვახორციელებთ სქესობრივი დანაშაულის მიმართულებით გამომძიებლების სპეციალიზაციას

შს მინისტრის მაოდგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ვრცლად ისაუბრა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების და რეკომენდაციების გაზიარების შესახებ.

„არაერთი რეკომენდაცია იყო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით და საუბარი იყო, გამომძიებელთა სპეციალიზაციაზე.

ჩვენ უკვე დავიწყეთ პროგრამა და ვახორციელებთ სქესობრივი დანაშაულის მიმართულებით გამომძიებლების სპეციალიზაციას. წლის ბოლომდე 240 გამომძიებელს ექნება სპეციალიზაცია კონკრეტულად ამ დანაშაულის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ დონორების ჩართულობით ვახორციელებთ ამ პროგრამას, უკვე განხორციელდა პროკურატურაში და ახლა ვახორციელებთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეს რეკომენდაცია აბსოლუტურად გასაზიარებელია.

ასევე აქტიურად ვმუშაობთ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციონირების გაძლიერებისათვის. ვიცით, რომ საკანონმდებლო პაკეტი უკვე ორი მოსმენით იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან და მიმდინარე თვის განმავლობაში სრულდება ამ კანონპროექტზე მუშაობა. ასევე, ვფიქრობთ იმ რაოდენობის გაზრდას, რაც დღეს არის.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სულ 14 თანამშრომელი გვყავს სისტემაში. მართალია ეს მოიცავს სრულიად საქართველოს მასშტაბს, მაგრამ ჩვენ თვითონვე ვხედავთ, რომ მზარდი მოთხოვნა ამ სერვისის, რაც გვაძლევს იმის ვალდებულებას, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ამ პირების რიცხვი და მინიმუმ თითო სამმართველოში ერთი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის შტატის გაჩენის ვალდებულება აიღოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

საუბარი იყო პანდემიის პირობებში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმაზე.

ჩვენ შევქმენით სპეციალური აპლიკაცია -„ჩუმი განგაშის ღილაკი“, რომლითაც ხდება საპატრულო პოლიციის
გამოძახება, აპლიკაცია უკვე 5000-ზე მეტ აბონენტს აქვს გადმოწერილი.

ვმუშაობთ, რომ ადაპტირებული იყოს ეს სერვისი შშმ პირებისათვის და ამ მიმართულებით გაეროს შესაბამისი პროგრამა გვეხმარება. ასევე, სამ ენაზე დაიგზავნა SMS-ები შესაბამის პირებთან და მიეცათ მათ ზუსტი ინსტრუქცია თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევებში.

ასევე, არაერთი ვიდეორგოლი გავრცელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით და სხვა სატელევიზიო ეთერებით,“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.