მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლექსო ლაშქარავასთვის ნარკოტიკის მიყიდვის გამო ერთი პირი დააკავეს

ლექსო ლაშქარავა

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ფ.ა. ფონიჭალაში დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ის პიროვნებაა, ვინც 10 ივლისს ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და მის თანხმლებ პირებს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიჰყიდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან გაასაღა „ტვ პირველის“ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

სამართალდამცველების მიერ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა: დაიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა მათთან ამოცნობები, დათვალიერდა არაერთი ვიდეოჩანაწერი და მიღებულ იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, ოთხ შეკვრად დაფასოებული, ხოლო საცხოვრებელი ბინიდან სამ შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.