მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოსტკოვიდური გართულებებით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა გამოძიების დაწყებას ითხოვს

პოსტკოვიდური გართულებებით დაღუპული ფეხბურთელი

პოსტკოვიდური გართულებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა, იურისტი, გაიოზ ჩარკვიანი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განმარტა, ვახტანგ ჩარკვიანი არა უშუალოდ კორონავირუსით, არამედ პოსტკოვიდური გართულებებით, 30-დღიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.

„პირველ რიგში, მინდა, განვმარტო ინფორმაცია, რომელიც მედიით არასწორად გავრცელდა. ჩემი შვილი არა კორონავირუსით, არამედ პოსტკოვიდური გართულებებით გარდაიცვალა. კლინიკაში შევიდა კორონავირუსით, მაგრამ, გარდაცვალების დროს კორონავირუსი აღარ ჰქონდა. ასევე ტყუილია, რომ ჩემი შვილი 12 დღე მკურნალობდა. იგი მკურნალობდა 30 დღის განმავლობაში“, - აღნიშნა გაიოზ ჩარკვიანმა.

მისი თქმით, მთავარი პროკურორის სახელზე განცხადებას 7 ოქტომბერს შეიტანს და შვილის გარდაცვალებაში შესაძლო დამნაშავე ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.

„ამჟამად მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა. ამაზე მუშაობს ადვოკატების ჯგუფი, ასევე, კეთილსინდისიერი ექიმებიც, რომლებიც კრამიტგადაყლაპულებთან არ დადიან და არ აქვთ მათთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, სამედიცინო საკითხებზე საუბრისგან თავს ვიკავებთ, რადგან ეს არის დიდი მოცულობის საკითხი. დასკვნებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, სანამ სამედიცინო დოკუმენტაციას ვიკვლევთ. მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას და ყველას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ჩემს ოჯახთან“, - აღნიშნა გაიოზ ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გავრცელდა.